ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაწყვეტს, თუ არა საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობას ბელარუსთან?


აფხაზები ბელარუსის დიქტატორს ოკუპირებულ ბიჭვინთაში ცეკვით დახვდნენ

გაწყვეტს, თუ არა ოფიციალური თბილისი დიპლომატიურ ურთიერთობას ბელარუსთან? ექსპერტების აზრით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, გადალახავს თუ არა მინსკი საბოლოოდ „წითელ ხაზს“ და ლუკაშენკოს 28 სექტემბრის „ვიზიტის“ შემდეგ, რამდენად სწრაფად, ცნობს საქართველოს სეპარატისტული ანკლავების ე.წ „დამოუკიდებლობას“.

ბელარუსის დიქტატორი ოკუპირებულ ბიჭვინთასა და მიუსერაში, სოჭში, რუსეთის დიქტატორთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთში, ფსოუს უკანონო სასაზღვრო-საბაჟო პუნტიდან, 13 ავტომობილიანი კორტეჟით შევიდა, რითაც საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ უხეშად დაარღვია.

მარცხნიდან - ნატალია ეისმონტი, გენერალი ვიქტორ შეიმანი და ბელარუსის დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო; მარჯვნიდან - დარია შმანაი, რომელსაც ლუკაშენკოს საყვარლად მიიჩნევენ და ნიკოლაი ლატიშენოკი
მარცხნიდან - ნატალია ეისმონტი, გენერალი ვიქტორ შეიმანი და ბელარუსის დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო; მარჯვნიდან - დარია შმანაი, რომელსაც ლუკაშენკოს საყვარლად მიიჩნევენ და ნიკოლაი ლატიშენოკი

ბელარუსის დიქტატორის გარდა, აფხაზეთში შესვლით, საქართველოს კანონი ასევე დაარღვიეს: ლუკაშენკოს უმცროსმა ვაჟმა, 18 წლის ნიკოლაი ლუკაშენკომ; პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა და ბელარუსული პოლიტიკის „რუხმა კარდინალმა“, გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ შეიმანმა (იგი ოკუპირებულ სოხუმში ივნისშიც იმყოფებოდა, ასევე არაერთხელ არის ნამყოფი თბილისშიც);

ბელარუსის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება, ჩვენთვის გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ეს ნიკარაგუის და ვენესუელის მიერ ამის გაკეთება იყო.
ბაკურ კვაშილავა, ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი

მიუსერაში, სსრკ-ს ბოლო ლიდერ მიხეილ გორბაჩოვის ყოფილ აგარაკზე ლუკაშენკოს ასევე ახლდნენ: პრეზიდენტის პრეს-მდივანი ნატალია ეისმონტი, ლუკაშენკოს პირადი დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ახლა თანაშემწე ნიკოლაი ლატიშენოკი და დარია შმანაი, პრეზიდენტის პროტოკოლის უფროსი, ყოფილი „მისს გაზაფხულის დედოფალი 2013“, რომელსაც ბელარუსის მედია ლუკაშენკოს ერთ-ერთ საყვარლად მოიხსენიებს.

„ფაქტია, რომ საქართველო, 2008 წლიდან მოყოლებული, ცდილობდა და როგორც ჩანს, ახერხებდა, გამოეძებნა საერთო ენა ლუკაშენკოსთან, თუნდაც, შუამავლის როლის შესრულებით დასავლეთთან. მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს, დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას ამ შუამავლის როლის შესრულება ისე კარგად აღარ შეუძლია“ - მიაჩნია პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას.

"ეს აღიარება გაცილებით მტკივნეული იქნება ჩვენთვის"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:59 0:00

კვაშილავას თქმით, ამის მიზეზია ის, რომ თავად საქართველოს ხელისუფლებას დაეძაბა დასავლეთთან ურთიერთობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული და „პლუს, ლუკაშენკოც საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, რადგან მან გადალახა რუბიკონი და უკრაინაზე თავდასხმის დროს, პუტინს ბელარუსის ტერიტორია დაუთმო ანუ პრაქტიკულად, აღარ დაიტოვა დასავლეთთან მანევრის საშუალება“.

რუსეთი 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული, რაც კრემლმა აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მუდმივ ზეწოლას ახდენდა ლუკაშენკოზე, რათა, სეპარატისტული ანკლავები ბელარუსსაც „ეცნო“. თუმცა, საქართველოს მთავრობა დასავლეთის, პირველ რიგში, აშშ-სა და ევროკავშირის უზარმაზარი მხარდაჭერით, ამ დრომდე ახერხებდა, რომ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი არ გადაედგა.

„ბელარუსის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება, ჩვენთვის გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ეს ნიკარაგუის და ვენესუელის მიერ ამის გაკეთება იყო. აქედან გამომდინარე, დღეს ქართული დიპლომატიის მთავარი ძალისხმევა უნდა იყოს აქეთკენ მიმართული, რომ ეს რამენაირად არ მოხდეს“ - აღნიშნა კვაშილავამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრებამდე, პუტინი და ლუკაშენკო ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ
ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრებამდე, პუტინი და ლუკაშენკო ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ

მართალია, კრემლში უარყვეს, რომ პუტინი ლუკაშენკოს აფხაზეთის აღიარებას აიძულებს, მაგრამ ექსპერტების აზრით, ოკუპირებულ ანკლავში ჩასვლით, ბელარუსის დიქტატორმა, რუბიკონი საქართველოსთან გარკვეულწილად უკვე გადალახა.

რატომ სჭირდება პუტინს დღეს, ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება? ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს უკავშირდებოდეს კრემლის ღიად გაცხადებულ გეგმას ოფიციალურად მიიერთოს როგორც ანექსირებული უკრაინული, ისე ოკუპირებული ქართული (შესაძლოა, მოლდავური) მიწები.

საუბარია დონეცკის, ლუჰანკის, ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც რუსებმა უკანონო „რეფერენდუმების“ გამართვა შეძლეს. ასევე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონზე, სადაც რუსეთთან შესაერთებლად ე.წ „რეფერენდუმის“ გამართვას, ჯერ კიდევ ივლისში აპირებდნენ.

ლუკაშენკო "გორბაჩოვის აგარაკზე" ოკუპირებულ მიუსერაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:42 0:00

ვინაიდან, აფხაზური „საზოგადოებისთვის“ რუსეთთან პირდაპირ მიერთების ასეთი ფორმა "მიუღებელია", მათ „რუსკი მირში“ „ინტეგრაციას“, რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ გავლით სთავაზობენ.

რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფო“ 1999 წელს დაარსდა და ეს ხელშეკრულება მოსკოვსა და მინსკს შორის, თავიდანვე, ბელარუსის სუვერენიტეტის დაკარგვად შეფასდა.

მოსკოვის გადაწყვეტილებით, სოხუმს და ცხინვალს „სამოკავშირეო სახელმწიფოში“ 2008 წლიდან „მუდმივი დამკვირვებლის“ სტატუსი აქვთ. მათ გაწევრიანებას ამ გაერთიანებაში, სწორედ მინსკის პოზიცია აფერხებდა.

პუტინმა ჯერ კიდევ 2011 წელს განაცხადა, რომ ცხინვალს რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოში“ შესვლა შეუძლია, თუმცა ბელარუსმა ამ ნაბიჯს მაშინ მხარი არ დაუჭირა.

რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში, აფხაზების შესასვლელად, საჭიროა, რომ ბელარუსმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. თუ ასე მოხდა, ეს აფხაზეთის ანექსიის და მიერთების ტოლფასია
პაატა ზაქარეიშვილი, კოფლიქტოლოგი

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ კონტაქტები 2022 წლიდან გაიზარდა. თებერვალში სეპარატისტების „საგარეო მინისტრი“ ინალ არძინბა, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანს დიმიტრი მეზენცევს შეხვდა;

2022 წლის აგვისტოს ბოლოს, აფხაზი სეპარატისტების ლიდერმა ასლან ბჟანიამ ღიად განაცხადა, რომ რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ გაწევრიანება სოხუმის „ეროვნულ ინტერსებს“ შეესაბამება. 1 სექტემბერს კი მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეცწარმომადგენელმა "სამოკავშირეო სახელმწიფოში" ვიქტორ სოროკინმა ისევ არძინბას უმასპინძლა.

„ამ სამოკავშირეო სახელმწიფოში, აფხაზების შესასვლელად საჭიროა, რომ ბელარუსმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. თუ ასე მოხდა, ეს აფხაზეთის ანექსიის და მიერთების ტოლფასია“ - ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, იმის რისკი, რომ მინსკი აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ "დამოუკიდებლობას" აღიარებს დღეს „საკმაოდ მაღალია და ლუკაშენკო ამის გამკეთებელიც არის“.

"ლუკაშენკო ამის გამკეთებელი არის"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00

ამასთან, როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ამბობს, „რომც მოხდეს (მინსკის მხრიდან) აღიარება, რა თქმა უნდა, ეს კარგი არ იქნება, მაგრამ ეს არ იქნება კატასტროფა. მთავარი კატასტროფა არის რუსეთმა რომ აღიარა. საკმარისია რუსეთმა უკან წაიღოს ეს აღიარება, ვენესუელაც, ნიკარაგუაც და სირიაც უკან წაიღებენ, არავის აინტერესებს აფხაზეთი, ყველა რუსეთს ეფერება, მათ შორის ბელარუსიც“ - მიაჩნია ზაქარეიშვილს.

ჩვენი მეგობრები ფანტასტიკურად გვეხმარებიან, განსაკუთრებით აშშ. მთელ მსოფლიოში მუშაობენ, ევროკავშირი ვიცი როგორ მუშაობს, ავსტრალია ცალკე ოკეანეთში, ყველგან მუშაობენ ჩვენი მეგობრები და არაღიარება ეფექტურად მუშაობს. აღიარებას არ აქვს სისტემური ხასიათი. უნდა ვიყოთ მტკიცენი და ვიმუშაოთ რუსეთის წინააღმდეგ და დეოკუპაციაზე

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობა“ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, 26 აგვისტოს სცნო. მოსკოვის ზეწოლითა და ფინანსური დახმარებით "აღიარების კამპანიას" შემდგომში ასევე შეუერთდნენ: ნიკარაგუა (სექტემბერი 2008), ვენესუელა (სექტემბერი 2009), ნაურუ (დეკემბერი 2009), ვანუატუ (მაისი 2011), ტუვალუ (სექტემბერი 2011) და სირია (მაისი 2018). 2013-14 წლებში, ვანუატუმ და ტუვალუმ საქართველოს მოკავშირეების- აშშ-ს, ევროკავშირისა და ავსტრალიის ზეწოლით, აღიარების გადაწყვეტილება გააუქმეს.

„ჩვენი მეგობრები ფანტასტიკურად გვეხმარებიან, განსაკუთრებით აშშ. მთელ მსოფლიოში მუშაობენ, ევროკავშირი ვიცი როგორ მუშაობს, ავსტრალია ცალკე ოკეანეთში...ყველგან მუშაობენ ჩვენი მეგობრები და არაღიარება ეფექტურად მუშაობს. აღიარებას არ აქვს სისტემური ხასიათი. ამიტომ ნუ გვეშინია, უნდა ვიყოთ მტკიცენი და ვიმუშაოთ რუსეთის წინააღმდეგ და დეოკუპაციაზე“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ლუკაშენკოს უმცროსი ვაჟი ნიკოლაი ოკუპირებულ აფხაზეთში
ლუკაშენკოს უმცროსი ვაჟი ნიკოლაი ოკუპირებულ აფხაზეთში

საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის იანვარში დამყარდა. იმავე წლის ივლისში კი ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო გახდა. იგი უკვე 28 წელია ქვეყნის მმართველია და „ევროპის უკანასკნელ დიქტატორადაც“ მოიხსენიებენ.

ლუკაშენსკოს პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 2015 წელს შედგა. 2018 წელს, იგი კიდევ ერთხელ ეწვია თბილისს. პარალელურად, მინსკში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ პრემიერი კვირიკაშვილი (2016), პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე (2017), პრეზიდენტი მარგველაშვილი (2017, 2018, 2019 წელს, უკვე ექს-პრეზიდენტის რანგში), პრემიერი ბახტაძე (2019) და პრეზიდენტი ზურაბიშვილი (2019).

2010-2020 წლებში, ლუკაშენკო მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თან ბელარუსის ტერიტორიიდან მინსკი, როგორც ჩანს, პოლიტიკას ცვლის. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ისევ იმედოვნებს, რომ მინსკი ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

ლუკაშენკო და ირაკლი კობახიძე, 2017 წელი, მინსკი
ლუკაშენკო და ირაკლი კობახიძე, 2017 წელი, მინსკი
„თავად ლუკაშენკოს ვებ-გვერდზე მისი ე.წ ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია საკმაოდ საინტერესო სათაურით გამოქვეყნდა. იქ ეწერა, რომ ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს ჟესტი არის თავისთავად რაღაცის მანიშნებელი. ანუ იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

"თავად ლუკაშენკოს ვებ-გვერდზე, საკმაოდ საინტერესო სათაურით გამოქვეყნ, მისი ე.წ ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია. იქ ეწერა, რომ ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. თავიდან, მისი მხრიდან იყო თუ არ ვცდები საუბარი აფხაზეთში ვიზიტზე და ამის შემდეგ შერბილებულია უკვე ეს ასე ვთქვათ, თუნდაც სათაური ამ ე.წ ვიზიტის და საუბარია იმაზე, რომ ის ჩავიდა არა აფხაზეთში არამედ შავი ზღვის სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა" - აღნიშნა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს მიაჩნია, რომ "ეს ჟესტი არის თავისთავად რაღაცის მანიშნებელი. ანუ იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით, რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს“.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოვალეობას ბელარუსში ვალერი კვარაცხელია ასრულებდა, მისი უფლებამოსილება აგვისტოში ამოიწურა, თუმცა მთავრობისა და პრეზიდენტის კონფლიქტის გამო, ბელარუსში ახალი ელჩის დანიშვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საჯაროდ დაადასტურა, რომ დაბლოკა ბელარუსში, პრემიერის მიერ შერჩეული ელჩობის კანდიდატი. „ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა, თუმცა მიზეზებზე არ უსაუბრია.

ლუკაშენკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, თბილისში, 2015 წელი
ლუკაშენკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, თბილისში, 2015 წელი

XS
SM
MD
LG