ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფუნქციოდ დარჩენილი ქონება, რომელსაც ირანი ამერიკაში ფლობს


ისლამური რევოლუციიდან და გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობებიდან 43 წლის თავზე, ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ ფლობს უძრავ ქონებას. საუბარია ამერიკის სხვადასხვა ქალაქში 10-ზე მეტ შენობაზე, რომელზეც დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ზრუნავს. "ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით დღეს ამ შენობების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

შენობები ვაშინგტონში, ნიუ-იორკში და კალიფორნიაში აგერ უკვე 43 წელია დახურულია, ნივთები კი საცავებშია გადატანილი.

უფუნქციოდ არის დარჩენილი, 1960 წელს აშენებული ირანის საელჩოს ყოფილი შენობაც, რომელიც ვაშინგტონში დიპლომატების უბანში მდებარეობს. საშუალოდ დღეს შენობის ფასი 12 მილიონი ამერიკული დოლარია.

შენობა სპარსულ მოდერნისტულ სტილში ამერიკელმა და ირანელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს. აქვს ერთი გუმბათი. ფასადი მოპირკეთებულია მარმარილოთი, შენობის ნაწილი გაფორმებულია მოზაიკით. მოზაიკა და კედლის მხატვრობა შენობის შიდა ინტერიერშიც გვხვდება.

საელჩოს შენობა ამერიკაში, შაჰის ირანის დროს აშენდა, ინიციატორი საგაარეო საქმეთა მინისტრი და შემდეგ ამერიკაში, ირანის ბოლო ელჩი არდეშირ ზაჰედი იყო. რომელიც „ნიუ-იორკ თაიმსთან“ საუბრის დროს ამბობდა, რომ შენობის ასაშენებლად თანხები ძლივს მოიპოვა და წუხდა, რომ ახლა ის უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

„ჩემი გული ჯერ კიდევ მაგ შენობის ნაწილია. დღე და ღამე ვიბრძოდი დაფინანსებისთვის რათა ეს (საელჩოს) შენობა ამეშენებინა. მე ძალიან ამაყი ვარ - ამბობდა ზაჰედი გამოცემასთან საუბრის დროს, რომელიც რამდენიმე წლის წინ შვეიცარიაში გარდაიცვალა.

არდეშირ ზაჰედი გამოცდილი დიპლომატი იყო და დიდი გავლენებითაც სარგებლობდა. მისი მეუღლე ირანის შაჰის ქალიშვილი იყო. მას შემდეგ რაც ირანში რევოლუცია მოხდა, მონარქია თეოკრატიამ ჩაანაცვლა და ამერიკის საელჩოს შენობა თეირანში აიათოლა ხომეინის მომხრეებმა აიღეს, ამერიკასა და ირანს შორის დიპლომატიური კავშირები (1980 წელს) გაწყდა.

ზაჰედმა კოლეგებთან ერთად საელჩოსა და საკონსულოების შენობები დაცალეს და ემიგრაციაში წავიდნენ, ზოგი ამერიკაში დარჩა ზოგიც ევროპაში წავიდა.

რევოლუციიდან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტამდე, ვაშინგტონში ირანის საელჩოსთან აქციები იმართებოდა, ითხოვდნენ მძევლების გათავისუფლებას და ამერიკიდან „ყველა ირანელის გადეპორტებას. ზაჰედისთვის ეს რთული პერიოდი იყო რადგან აქციებს დიპლომატი მიჩვეული არ იყო.

ვაშინგტონში მასაჩუსეტსის გამზირზე მდებარე ირანის საელჩო მანამდე

წვეულებებს ხშირად მასპინძლობდა, საელჩოს სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ ცნობილი ხელოვანები, მათ შორის ელიზაბედ ტეილორი და ენდი უორჰოლი. საელჩოს ხშირი სტუმარი იყო ამერიკის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. საარქივო მასალების ნაწილი ვაშინგტონის ბიბლიოთეკაშია დაცული. აქივი ასევე ინახავს ფოტოს რომელიც ისლამური რევოლუციის შემდეგ, ვაშინგტონში არსებულ საელჩოში დიპლომატების მიერ ალკოჰოლური სასმელების განადგურებას ასახავს.

ირანის საელჩოს კარი ბოლოს ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს გაიხსნა, მაშინ როცა მისი რესტავრაცია მოხდა.

„საელჩოს შენობა გარემონტდა, უნიკალური ნივთები და ნახატები სპეციალურ საცავებშია გადატანილი და დაცული. ჩვენ გვსურს ირანელ ხალხთან ურთიერთობა აღდგეს. დიდებულ ირანელ ხალხთან, რომლებიც უნდა იყვნენ თავისუფლები.თავად წყვეტდნენ საკუთარი ქვეყნის მომავალს, დემოკრატიულად არჩეული ლიდერებით და არა კორუმპირებული რელიგიური ლიდერებით. შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ მომდევნო 40 წელში ირანი რადიკალურად შეიცვლება ირანელი ხალხი დაიკავებს კუთვნილ ადგილს სტაბილურ, მშვიდობიან სამყაროში,“- ამბობდა ბრაიან ჰუკი, ამერიკის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ირანში.

ბეთესდაში მდებარე ელჩის ყოფილ რეზიდენციაში, "ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობს, დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის.

რაც შეეხება ირანის საკონსულოების შენობებს, რომლებიც ამერიკის სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს, მათ შორის, ნიუ-იორკში. Შენობების ნაწილს სახელმწიფო დეპრამენტის კონტრაქტორი კომპანიები საჯარო ღონისძიებების ჩასატარებლად აქირავებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა „ფოქს ნიუსს“ უთხრა, რომ ქირიდან მიღებული შემოსავლები საელჩოს შენობის მოვლა პატრონობას ხმარდება.

რატომ უვლის ვაშინგტონი ირანის კუთვნილ შენობებს?

ამერიკა ამ შემთხვევაში ვენის კონვენციით დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს, რომელიც ქვეყანათა შორი ურთიერთობების წესებს განსაზღვრავს, ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც ქვეყნებს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. ამ წესების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოეთის საელჩოების ოფისი ამერიკაში ირანის კუთვნილ შენობებს უვლის.

ირანში კი ამერიკის საელჩოს შენობა ჯერ შტურმით აიღეს, დიპლომატები მძევლებად აიყვანეს, გაძარცვეს, კარიკატურები გამოფინეს, მოგვიანებით კი მასში ირანის რევოლუციური გვარდიის სასწავლო ცენტრი განათავსეს.

რა ხდება დღეს

1980 წელს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები დღემდე არ აღმდგარა. ამერიკას ირანი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული. ვაშინგტონმა ბოლოს ირანი 22 წლის ქურთი ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაასანქცირა.

ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების ბრალდებით დააკავა. ამინი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნის დროს გარდაიცვალა. პოლიცია აცხადებს, რომ ის გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა, ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას სახესა და სხეულზე სასტიკი ცემის კვალი აღენიშნებოდა. აქციები ირანში 80-ზე მეტ ქალაქში იმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG