ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთმა პოლიტიკური პარტიები 20-ზე მეტ ქვეყანაში დააფინანსა" - ამერიკული დაზვერვა


რუსეთმა უცხო ქვეყნების პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს, 2014 წლიდან, მინიმუმ 300 მილიონი დოლარი გადაურიცხა. შეერთებული შტატების დაზვერვის ახალი მიმოხილვის მიხედვით, რუსეთმა საიდუმლო გადარიცხვები 20-ზე მეტ ქვეყანაში განახორციელა და მისი მიზანი, უცხო ქვეყნებში, პოლიტიკური მოვლენების მოსკოვისთვის სასურველი განვითარება იყო.

ამერიკული დაზვერვის მიმოხილვაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, ზაფხულში გაცემული დავალებით მომზადდა წერია, რომ მოსკოვი ფარული კამპანიის ფარგლებში, ასობით მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავდა - დემოკრატიული სისტემების შესუსტებისა და გლობალურად, იმ პოლიტიკური ძალების პოპულარიზაციისთვის, რომლებიც კრემლის ინტერესებთან თანხვედრაშია.

დაზვერვის სამსახურების მიერ მომზადებული კვლევის დეტალების შესახებ, ანონიმურობის დაცვით, ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ისაუბრა. მისი თქმით, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მიმოხილვის ზოგიერთი მიგნება გაასაჯაროვოს, რათა შეეწინააღმდეგოს რუსეთის უნარს, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ სისტემებზე ევროპის, აფრიკისა და სხვა ქვეყნებში.

„რუსეთის მიერ ფარულ პოლიტიკურ დაფინანსებასა და მის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს, ნათელის მოფენით, ჩვენ ვაფრთხილებთ ამ უცხოურ პარტიებსა და კანდიდატებს, - თუ ისინი რუსულ ფულს ფარულად მიიღებენ, ჩვენ შეგვიძლია ეს გავამჟღავნოთ და ასეც მოვიქცევით" - აცხადებს მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი.

„ამ კვლევაში გასაოცარი ის არის, რომ რუსული ფარული პოლიტიკური დაფინანსების ყოვლისმომცველ ხასიათს, მთელ მსოფლიოში ვხედავთ..." - ამბობს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG