ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარა მაკდონალდი: „რაც ხდება უკრაინაში, იმოქმედებს საქართველოზეც“


კარა მაკდონალდი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე

„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით“ - ეს განცხადება თბილისში, კარა მაკდონალდმა გააკეთა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში.

მაკდონალდი თბილისში მონაწილეობდა ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში. „დიდება უკრაინას“ - ასე ერქვა წელს, მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ცენტრისა და EPRC-ის (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი), ორგანიზებულ კონფერენციას, რომელიც საქართველოში მეექვსედ გაიმართა.

„საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში“ - აღნიშნა მაკდონალდმა საპანელო დისკუსიაზე „დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ“.

„ჩვენ უბრალოდ მაყურებლები არა ვართ, ჩვენ ინვესტორები ვართ, დაინტერესებული მხარე ვართ, ჩვენ ძალიან ვღელავთ საქართველოზე. თუმცა {საქართველოსთვის კარგი} იმაზე მეტად ვერ გვენდომება, ვიდრე თქვენ {ქართველებს}. მზად ვართ ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს,

ჩვენ ძალიან ვღელავთ საქართველოზე. თუმცა {საქართველოსთვის კარგი} იმაზე მეტად ვერ გვენდომება, ვიდრე თქვენ {ქართველებს}. მზად ვართ ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა. ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია
კარა მაკდონალდი

თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა. ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება“ - განაცხადა კარა მაკდონალდმა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ ღიად უჭერს მხარს საქართველოში თავისუფალ მედიას და მესამე სექტორს.

კარა მაკდონალდმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს, განსაკუთრებით ხელისუფლებას, გაერთიანდნენ და არ გაუშვან ხელიდან ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი.

„მთავრობას სპეციალური როლი აქვს ერთიანობის შექმნაში. არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან. ჩვენ არ ვიცით, ასეთი შესაძლებლობა კიდევ იქნება თუ არა. ასე რომ სერიოზულად მოეკიდეთ [ევროკავშირის] 12 რეკომენდაციას, შეასრულეთ იგი და აქციეთ ეს გამარჯვებად ქართველი ხალხისთვის“.

მისი თქმით, „თბილისში ვესწრები საერთაშორისო კონფერენციას “დიდება უკრაინას”, რათა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე, საქართველოს მიმართ. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სჯერა, რომ ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არის 21-ე საუკუნის განმსაზღვრელი მოვლენა. არ არსებობს იმაზე უფრო მკაფიო და უტიფარი მაგალითი ავტორიტარიზმის საფრთხისა, ვიდრე რუსეთის ეს არაპროვოცირებული, არაკეთილსინდისიერი, გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში“ - აღნიშნა მაკდონალდმა.

კარა მაკდონალდის აზრით, „რაც ხდება უკრანაში, იმოქმედებს საქართველოზეც, პუტინი არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და ის არ მოელოდა ერთიანობას, არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან, ზუსტად ეს არის გამარჯვების სტრატეგია: არ დაგავიწყდეთ ხალხის ძალა, რომელიც თავისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“ - განაცხადა მაკდონალდმა კონფერენციაზე.

ბენ ჰოჯესი და კურტ ვოლკერი
ბენ ჰოჯესი და კურტ ვოლკერი

უკრაინის და საქართველოს მხარდამჭერ საერთაშორისო კონფერენციას, რომელზეც უკრაინელი და ქართველი ხალხის არაერთი უცხოელი მეგობარი (ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ჰოჯესი, აშშ-ს ყოფილი ელჩი კელი, ლიტვის ყოფილი საგარეო მინისტრი ლინკევიჩუსი, NATO-ში აშშ-ს ყოფილი ელჩი ვოლკერი, და სხვები) მონაწილეობდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო "სტამბაში" ჩატარდა არ მივიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ორგანიზატორთა განცხადებით, მათ მოსაწვევი ჯერ კიდევ ივლისში გაუგზავნეს.

თქვენ ხედავთ მაკკეინის კონფერენციას და, ვინ არიან დამსწრე პირები. თუკი ვინმე აღვივებს საქართველოში პოლარიზაციას, ყველა არის იქ წარმოდგენილი, აბსოლუტურად ყველა
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

“ამ კონფერენციის პანელზე წარმოდგენილია რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მიაგდეს პარლამენტის მანდატები, დღემდე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, საუბრობენ რეჟიმის ცვლილებაზე, ეს არის რადიკალური დღის წესრიგი. რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის მიცემა ახალისებს რადიკალიზმს. ეს არის მიზეზი, რის გამოც არ მივიღე მონაწილეობა” – ასე ახსნა კონფერენციის ბოიკოტი პარლამენტის სპიკერმა პაპუაშვილმა.

ტრადიციულად, უფრო რადიკალური იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. „თქვენ ხედავთ მაკკეინის კონფერენციას და, ვინ არიან დამსწრე პირები. თუკი ვინმე აღვივებს საქართველოში პოლარიზაციას, ყველა არის იქ წარმოდგენილი, აბსოლუტურად ყველა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ოცნების“ ბოიკოტის პარალელურად, კონფერენციის მონაწილეებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „დეზინფორმაციაა, რომ აშშ არაა საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს. ეს წარმოუდგენელი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

"დიდება უკრაინას" - თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია
"დიდება უკრაინას" - თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია

კონფერენციის დასრულების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი მაკდონალდი საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ნიკოლოზ სამხარაძესა და გიორგი ხელაშვილს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს „ხელისუფლების გეგმა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით“.

ამ შეხვედრამდე, კონფერენციაზე, "სტამბაში" კარა მაკდონალდმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს, რომელიც საქართველოში კარგად ორგანიზებული კამპანიის სამიზნე გახდა. დეგნანი ასევე დაესწრო კონფერენციას და ერთ-ერთ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

„მინდა შევაქო ელჩი დეგნანი. ელჩი და მისი გუნდი ჩართულია შეხვედრებში სამოქალაქო საზოგადოების ფართო ფენებთან, ბიზნესლიდერებთან, მთავრობასთან, ოპოზიციასთან მუშაობაში, რომ ხელი შეუწყოს ამ ერთობას. ვაშინგტონის თვალთახედვიდან მინდა გითხრათ, რომ მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. მან და მისმა გუნდმა აქ უდიდესი სამუშაო გასწია და ეს არის ის, რისკენაც მოვუწოდებთ მთავრობასაც - ხელი შეუწყონ ერთობას“ - ხაზი გაუსვა კარა მაკდონალდმა.

ანა ნოვოსადი და ია მეურმიშვილი
ანა ნოვოსადი და ია მეურმიშვილი

XS
SM
MD
LG