ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რიცხვი მზარდია" - ბელგიის სახელმწიფო მდივანი


ბელგიის სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ნიკოლ დე მური

საქართველოში ვიზიტით მყოფმა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა განაცხადა, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რაოდენობა გაზრდილია და ქვეყანა ამ მხრივ ათეულშიც შედის. ამის შესახებ მან დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენ განაცხადების რიცხვის ზრდას ვხედავთ არაერთი ქვეყნიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ვთქვა, რომ საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, საიდანაც ყველაზე მეტი განაცხადი გვაქვს" - თქვა ნიკოლ დე მურმა.

მანვე აღნიშნა, რომ რადგანაც ბელგიის მიერ საქართველო უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული, თავშესაფრით დაკმაყოფილების მაჩვენებელი დაბალია.

"როგორც აღვნიშნეთ, გვაქვს აპლიკაციების მზარდი რიცხვი. ამ წელს, ივლისის ჩათვლით, თავშესაფრის მიღების 630 განაცხადი შემოვიდა", – აღნიშნა მან.

ბელგიის სახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანია, აუხსნას და განუმარტოს მოსახლეობას ბელგიაში ლეგალურად ჩასვლის კრიტერიუმები და პროცედურები, რათა ისინი შემდეგ არ წააწყდნენ "მოულოდნელ სირთულეებს".

მანვე განაცხადა, რომ თავშესაფარი არ მიენიჭება მას, ვინც ეკონომიკური საფუძვლებით დარჩება ბელგიაში, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად.

მანამდე ბელგიის სახელმწიფო მდივანი შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG