ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიული ევრობასკეტი საქართველოსთვის: ქართველები ბელგიით იწყებენ


საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ლიდერი - გოგა ბითაძე, თად მაქფადენი და გიორგი შერმადინი, ფოტო - gbf.ge

1 სექტემბრიდან თბილისი, მილანთან, პრაღასთან და კიოლნთან ერთად, ერთი კვირის მანძილზე, ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი მექა ხდება. საქართველო ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფური ეტაპის მასპინძელია, რაც 100 წლის ისტორიის მქონე ქართული კალათბურთისთვის ისტორიული მოვლენაა.

ახლადგახსნილ „თბილისი არენაზე“, A ჯგუფში, მასპინძელი საქართველოს მეტოქეები: ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ესპანეთი, ასევე თურქეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო და ბელგია იქნებიან. საქართველო 1 სექტემბერს, ევრობასკეტს სწორედ ბელგიასთან მატჩით გახსნის, ეს შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ყველა დანარჩენი მატჩი.

ევრობასკეტ 2022 თბილისში!
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:36 0:00

რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ზედ ევრობასკეტის წინ, ლიდერი და კაპიტანი, ბოლონიის „ვირტუსის“ მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია დაემტვრა? შენგელიამ 24 აგვისტოს, ნიდერლანდებთან მატჩში მხარი მოიტეხა.

ამ კითხვას ქართველებმა ნაწილობრივ უპასუხეს 27 აგვისტოს, როცა ბრეშაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, კაპიტნის გარეშე, იტალიასთან ბოლო წამებამდე იბრძოლეს და სოლიდური გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს.

ძალიან გვიხარია, რომ თბილისის ახალ დარბაზში ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს ვმასპინძლობთ. გვინდა ქვეყანა გავახაროთ, კარგად ვითამაშოთ, კარგი შედეგი ვაჩვენოთ
ილიას ზუროსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

„ძალიან გვიხარია, რომ თბილისის ახალ დარბაზში ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს ვმასპინძლობთ და იმედი გვაქვს, ძალიან კარგი ტურნირი გამოვა. გვინდა ქვეყანა გავახაროთ, კარგად ვითამაშოთ, კარგი შედეგი ვაჩვენოთ” - აღნიშნა დასკვნით პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერძენმა ილიას ზუროსმა.

მისი თქმით, „შენგელიას გამოკლება ჩვენთვის ძალიან რთული მომენტია, თოკო ძალიან პროდუქტიული იყო, ყოველ მატჩში 30 წუთზე მეტს გვეხმარებოდა, თან მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. მისი ტრავმის შემდეგ, ტაქტიკა შევცვალეთ. სამწამიანში რომ ძლიერები ვართ, ეს ყველამ იცის. მეტი სამუშაო პერიმეტრზე გვაქვს" - მიაჩნია ილიას ზუროსს.

A ჯგუფიდან პლეი-ოფში და მედლებისთვის ბრძოლას პირველი ოთხი გუნდი აგრძელებს. საქართველოს მთავარი ამოცანა სწორედ პლეი-ოფში მოხვედრაა. ამ მიზნის მისაღწევად, სადებიუტო მატჩში, ბელგიის დამარცხება აუცილებელია, ისევე როგორც გამარჯვება ბულგარეთთან და მონტენეგროსთან. ევრობასკეტზე საქართველოს და ბელგიას, აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ, 2011 წელს, ლიტვის ქალაქ კლაიპედაში, ქართველებმა 81:59 იმარჯვეს.

შენგელიამ ევრობასკეტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მხარი მოიტეხა - gbf.ge
შენგელიამ ევრობასკეტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მხარი მოიტეხა - gbf.ge

კაპიტნის მძიმე ტრავმის შემდეგ, საქართველოს სამწვრთნელო შტაბს ბოლო ერთ კვირაში მოუწია, იმ ტაქტიკის გადაწყობა, რომელსაც მთელი მოსამზადებელი ციკლის მანძილზე ხვეწდა. ახალ ტაქტიკაში კიდევ უფრო გაიზარდა „მაღლების“: „ტენერიფეს“, „ინდიანას“ და „მილუოქის“ ცენტრების - გიორგი შერმადინის, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის როლი.

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ წაუვათ თამაში „მურსიას“ გამთამაშებელ ქართველ-ამერიკელ თად მაქფადენსა და ვეტერან გიორგი ცინცაძის, რომელიც მძიმე ტრავმის და ძალიან დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ფორმაში შესვლას ცდილობს. ილიას ზუროსი თითოეულ კალათბურთელს, რომელიც ეროვნული ნაკრების 16 კაციან ევროგანაცხადში მოხვდა, ტრადიციულად მოუწოდებს, რომ ყველა თამაშში ბოლომდე დაიხარჯონ.

ხალხი იმდენი ხანია ამ შეჯიბრების დაწყებას ელოდება, რომ მგონია, ემოციები არ დაგვაკლდება. ჩვენ პირველი რაუნდის გადალახვა და პლეი ოფში გასვლა გვსურს
გიორგი შერმადინი, ეროვნული ნაკრების ცენტრი

„ბრწყინვალე გრძნობაა, როცა ასეთ ტურნირზე შინ თამაშობ, თბილისში, ჩვენს დარბაზში, ჩვენი ხალხის წინაშე. ამ დონის ტურნირის მასპინძლობა მთელ ქვეყანას ახარებს. დარწმუნებული ვარ, ყოველ თამაშზე სავსე დარბაზი იქნება, ხალხი იმდენი ხანია ამ შეჯიბრების დაწყებას ელოდება, რომ მგონია, ემოციები არ დაგვაკლდება. ჩვენ პირველი რაუნდის გადალახვა და პლეი ოფში გასვლა გვსურს“ - ამბობს ეროვნული ნაკრების გამოცდილი ცენტრი გიორგი შერმადინი.

ევრობასკეტი ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფური ტურნირით იწყება. A ჯგუფს საქართველო მასპინძლობს, B ჯგუფს - გერმანია, C ჯგუფს - იტალია და D ჯგუფს - ჩეხეთი.

მეთექვსმეტედფინალში, თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ოთხი გუნდი მოხვდება. ამ ეტაპიდან, ჩემპიონატი უკვე ბერლინის „მერსედეს ბენც არენაზე“ გაგრძელდება, რომელიც 14500 მაყურებელს იტევს. ევროპის ახალი ჩემპიონი, 18 სექტემბერს, ფინალურ მატჩში, სწორედ ბერლინში გამოვლინდება.

ევრობასკეტი 1965 - საბჭოთა თბილისში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:35 0:00

დამოუკიდებელი საქართველო ევრობასკეტს პირველად მასპინძლობს, თუმცა 57 წლის წინ, როცა ქვეყანა საბჭოთა ანექსიის ქვეშ იყო, თბილისმა ევრობასკეტ 1965-ის A ჯგუფს უმასპინძლა.

თბილისის ჯგუფში, როგორც ახლა, მაშინაც ესპანეთის და ბულგარეთის ნაკრებები იყვნენ, თუმცა, უფრო დიდ წარმატებას, A ჯგუფიდან, იუგოსლავიამ და პოლონეთმა მიაღწია. ჩვენი ჯგუფიდან გასული ეს ორი ნაკრები, ევრობასკეტ 1965-ის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის შემდეგ, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ.

საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირის სამართალმემკიდრე რუსეთს ევრობასკეტ 2022-ზე, სწორედ თბილისის ჯგუფში უნდა ეთამაშა, მაგრამ, მას შემდეგ რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ომი გააჩაღა, რუსეთის კალათბურთის ნაკრები ჩემპიონატიდან ჩახსნეს და მათი ადგილი მონტენეგრომ დაიკავა.

სანდრო მამუკელაშვილი - მილუოქის და საქართველოს ფორვარდი, gbf.ge
სანდრო მამუკელაშვილი - მილუოქის და საქართველოს ფორვარდი, gbf.ge

რიგით 41-ე ევრობასკეტი, წესით, 2021 წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო, ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. ეს ყველაზე მეტად, ქართული კალათბურთის მესვეურებს გაუხარდათ, რადგან, „თბილისი არენას“ მშენებლობა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, წლების მანძილზე გაიწელა და ახალი დარბაზის გახსნა მხოლოდ 2022 წლის ზაფხულში მოხერხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეხუთე ევრობასკეტზე ითამაშებს. ნაკრებთან ერთად, მეხუთედ ითამაშებენ, ევროპის ჩემპიონატზე 33 წლის გიორგი შერმადინი და 36 წლის გიორგი ცინცაძე, რომელიც ქვეყნის მთავარი გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია.

წინა ოთხ ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017) ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ორჯერ შეძლო ჯგუფური ეტაპის გავლა. 2011 წელს, სადებიუტო ევროპაზე, ლიტვაში, 24 გუნდში, საქართველომ პირველი ეტაპი ბრწყინვალედ დაძლია, მეორე ეტაპზე კი ყველა თამაში წააგო და მე-11 ადგილი დაიკავა.

2013 წელს, სლოვენიაში, ქართველებმა ევრობასკეტი მე-17 დაასრულეს; 2015 წელს, ხორვატიის ჯგუფიდან გავიდნენ, შემდეგ 1/16 ფინალი, საფრანგეთის ქალაქ ლილში, დრამატულად ლიტვასთან 81-85 წააგეს და საბოლოოდ 15 ადგილს დასჯერდნენ. 2017 წელს, ისრაელში, საქართველო კვლავ ჯგუფში ჩარჩა და ისევ მე-17 ადგილზე აღმოჩნდა. ბევრი კალათბურთის ექსპერტი ფიქრობს, რომ 2022 წლის ევრობასკეტზე, საქართველოს, რომელიც შინ თამაშობს უფრო შორს წასვლა შეუძლია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიასთან მატჩის წინ, gbf.ge
საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიასთან მატჩის წინ, gbf.ge
საქართველოს განაცხადი ევრობასკეტ 2022-ზე
საქართველოს განაცხადი ევრობასკეტ 2022-ზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ევრობასკეტზე

გიორგი შერმადინი, ცენტრი, „ტენერიფე“ ესპანეთი

თად მაქფადენი, მცველი, „მურსია“ ესპანეთი

გოგა ბითაძე, ცენტრი, „ინდიანა პეისერსი“ აშშ

სანდრო მამუკელაშვილი, ცენტრი, „მილუოქი ბაქსი“ აშშ

გიორგი ცინცაძე, მცველი, “მონასტირი“ ტუნისი

რატი ანდრონიკაშვილი, მცველი, უგუნდო

ბექა ბექაური, ცენტრი, "ბათუმი" საქართველო

დუდა სანაძე, ფორვარდი, "ბორაცი" სერბეთი

ბექა ბურჯანაძე, ფორვარდი, "ბეტისი" ესპანეთი

მიხეილ ბერიშვილი, ფორვარდი, თსუ საქართველო

მერაბ ბოქოლიშვილი, მცველი, "რუსთავი" საქართველო

კახა ჯინჭარაძე, ფორვარდი, "ოლიმპი" საქართველო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგი ევრობასკეტზე

საქართველო თბილისში ბელგიას, ესპანეთს, თურქეთს, ბულგარეთს და მონტენეგროს ეთამაშება
საქართველო თბილისში ბელგიას, ესპანეთს, თურქეთს, ბულგარეთს და მონტენეგროს ეთამაშება
უგულშემატკივრე საქართველოს!
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00

XS
SM
MD
LG