ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ტაივანში პელოსის ვიზიტზე ჩინეთის რეაქციას გაუმართლებლად მიიჩნევს


ჩინეთის მიერ ტაივანთან სამხედრო წვრთნების ჩატარება და ამ დროს რაკეტების გასროლა სრულიად გაუმართლებელი ესკალაცია იყო, - ასე შეაფასა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პეკინის ნაბიჯები. ჩინეთი კი თავის მხრივ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის, ტაივანში ვიზიტის გამო სანქციების დაწესებას აპირებს.

დიპლომატიური დაძაბულობა პარასკევს კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ის ამერიკა-ჩინეთის სამხედრო ლიდერებს შორის დიალოგის რეჟიმს გააუქმებს და კლიმატის ცვლილებასთან და საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ორმხრივ მოლაპარაკებებსაც შეაჩერებს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენჯერმე მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე პეკინთან კრიზისის შექმნას არ ცდილობს. ურთიერთობების დაძაბვის ერთ-ერთი მიზეზი ტაივანში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი გახდა. ტაივანს ჩინეთი თავის სუვერენულ ნაწილად მიიჩნევს.

"არ არსებობს გამართლება ამ ექსტრემალური, არაპროპორციული და ესკალაციური სამხედრო პასუხისა", - თქა ბლინკენმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც აზიური ქვეყნების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მისი განმარტებით, ჩინეთმა საშიში ნაბიჯები "ახალ საფეხურზე აიყვანა".

ჩინეთმა ხუთშაბათს ტაივანის გარშემო ჰაერში და წყლებში უდიდესი სამხედრო წვრთნები განახორციელა. ეს სამხედრო აქტივობა სპიკერიპელოსის ვიზიტის მეორე დღესვე დაიწყო. ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლამდე, კუნძულზე ამერიკის ხელისუფლების ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენელი ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა. წვრთნები, რომლებიც რეალური იარაღის რეალურ გამოყენებასაც გულისხმობს, კვირას შუადღემდე გაგრძელდება.

ენტონი ბლინკენი განმარტავს, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს გადადგას კრიზისის გამომწვევი ნაბიჯები, თუმცა განაგრძობს რეგიონში მოკავშირეების მხარდაჭერას და სტანდარტულ საზღვაო და საჰაერო ტრანზიტს ტაივანის სრუტის გავლით.

XS
SM
MD
LG