ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანდიდატის სტატუსი მოლდოვას რეფორმების, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის პროცესში დაეხმარება


მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ინაუგურაციის ცერემონიაზე მოლდოვის დროშას კოცნის
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ინაუგურაციის ცერემონიაზე მოლდოვის დროშას კოცნის

ევროპულმა საბჭომ 24 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მათთან ერთად ევროპული პერსპექტივა საქართველომაც მიიღო, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს ჯერ წინაპირობები აქვს დასაკმაყოფილებელი. ამ პირობების შესრულება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იყო. თუმცა ქვეყნის სათავეში პრო-ევროპული ძალების მოსვლამ, რომელთა მთავარი გზავნილი რეფორმების კურსი და კორუფციის აღმოფხვრა იყო, ევროკავშირში გააჩინა იმედი, რომ კიშინოვი გარდაქმნების გზას ირჩევს.

უკრაინაში რუსეთის ხელმეორე შეჭრის შედეგად მოლდოვა განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში არა მარტო უკრაინასთან საერთო საზღვრის ქონის გამო აღმოჩნდა, არამედ იმიტომაც, რომ 1994 წელს გამოცხადებული ნეიტრალიტეტის შემდეგ, ქვეყანას საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები ფაქტობრივად არ აქვს. ამას თან დნესტრისპირეთში მიმდინარე გაყინული კონფლიქტიც ერთვის, სადაც რუსეთს 1500 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტის ექსპერტი დიონის ჩენუსა ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსი მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ორი მიზეზის გამოა.

"ერთის მხრივ, ეს არის მოსახლეობის არჩევანი, რომელსაც ისინი ხმას აძლევენ. უკვე წლებია გამოკითხვები აჩვენებს, რომ ხალხი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. მეორეს მხრივ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დადებითად აისახება არსებულ ვითარებაზე, როდესაც ქვეყანა ცდილობს დაამშვიდოს საზოგადოება და შეამციროს შფოთვა, რომელიც მოლდოვაში შეიქმნა უკრაინაში რუსული აგრესიის და იმ ზეწოლის გამო, რომელსაც რუსეთი ახორციელებს მოლდოვაზე, მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში", თქვა ჩენუსამ.

როგორ მივიდა მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:07 0:00

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში და ყაზახეთში უილიამ კორტნი ფიქრობს, რომ ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების დაწყებას ადასტურებს.

"მოლდოვის პოლიტიკური გარდაქმნა გარკვეულწილად რთული იყო კომუნისტი ლიდერების გავლენის გამო... მაგრამ ახლახან, რა თქმა უნდა, მოლდოვამ დრამატული პოლიტიკური გარდატეხა განიცადა. ახლა მოლდოველებს ჰყავთ კომპეტენტური მთავრობა და დღეს მოლდოვა ბევრად უფრო ორიენტირებულია ევროპისკენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, როგორც 2014 წელს, ისე ახლა, ხელი შეუწყო მოლდოვის ევროპასთან მეტად დაახლოებას", უთხრა კორტნიმ "ამერიკის ხმას".

ევროპასთან დაახლოება, რომელზეც კორტნი საუბრობს, გამოკვეთილად 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როცა ვერცერთმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ამის გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. გამოსავალი პარლამენტში პრო-ევროპულ და პრო-რუსულ ძალებს შორის უჩვეულო კოალიცია იყო. კოალიციის შექმნას ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ერთად მოსკოვიც უჭერდა. თუმცა, ფართო მხარდაჭერის მიუხედავად, ეს გარიგება დროებითი აღმოჩნდა. რამდენიმე თვეში პარლამენტმა კოალიციურ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. შედეგად მაშინ პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ კოალიციური მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა დაკარგა.

თუმცა, სანდუმ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ პუტინის მიერ ღიად მხარდაჭერილი, პრეზიდენტი იგორ დოდონი დაამარცხა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სანდუს პრო-ევროპულმა კოალიციამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 101 მანდატიდან 63 მოიპოვა და მთავრობის პრიორიტეტად კორუფციასთან და უთანასწორობასთან ბრძოლა დაისახა. ეს გამოწვევებით სავსე პროცესი იქნება, თუმცა ჩენუსას მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა რეფორმების პროცესს გააადვილებს:

"თუ ეს თვალსაჩინოდ და მკაფიოდ მიეწოდა ხალხს, ვფიქრობ რეფორმების მოსახლეობისთვის განმარტება და მათი [რეფორმების მიღებაზე] დაყოლიება ადვილი იქნება. ამასთან, მთავრობას შეეძლება გაამართლოს ზოგიერთი რადიკალური გადაწყვეტილება და ძალიან მგრძნობიარე რეფორმა კანონის უზენაესობის მიმართულებით, რომელიც ყველაზე პრობლემურია".

სანდუს მთავრობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასაც პრიორიტეტად ისახავს. ამის ერთი ნაწილი ძლიერი ბიზნეს-ინტერესების, მათ შორის, ოლიგარქების მხრიდან სახელმწიფოს მართვაზე გავლენის აღკვეთაა.

"დე-ოლიგარქიზაცია" ევროკავშირის მხრიდან წამოყენებული პირობაა, რომელიც მოლდოვასთან ერთად უკრაინას და საქართველოსაც ეხება.

მოლდოვაში ერთგვარი დეოლიგარქიზაცია 2019 წლიდან დაიწყო, როცა ოლიგარქ ვლად პლაჰოტნიუკის "დემოკრატიული პარტია" არჩევნებში დამარცხდა. პლაჰოტნიუკს ოფიციალური პოსტი არ ეკავა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთავრობის საქმიანობაზე დიდი გავლენა ჰქონდა. ის დაკავშირებულია „საუკუნის ქურდობასთან”, რომლის დროსაც მოლდოვის სამი ბანკიდან მილიარდი დოლარი გაქრა.

პლაჰოტნიუკი ქვეყნიდან გაიქცა. მოლდოვის გენერალურმა პროკურორმა მას თაღლითობის და კორუფციის ბრალი წაუყენა. მოგვიანებით შეერთებულმა შტატებმა პლაჰოტნიუკს სანქციები დაუწესა.

Სამართლებრივი პროცესები დაიწყო ასევე ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონის წინააღმდეგ. Მაისში მას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

კიშინოვი რამდენიმე ქვეყანას გაქცეული ოლიგარქების ექსტრადაციას სთხოვს, მათ შორის პლაჰოტნიუკის და ასევე ილან შორის. ანტი-კორუფციულმა სასამართლომ, ილან შორს მოლდოვაში 75 მილიონი ევროს ღირებულების ქონება გაუყინა. ჩენუსა ამბობს, რომ მოლდოვა ოლიგარქებისგან წმენდის პროცესს გადის.

"მათ [ოლიგარქებს], მათ შორის, პლოჰოტნიუკსაც, ჯერ ისევ აქვთ გარკვეული გზები და არხები, რომლებითაც ცდილობენ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც საეჭვო გზებით ფინანსდებიან. ამიტომ, ახლა მუშაობა მიდის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეფორმაზე და პარტიების დაფინასებაში არსებული კორუფციის აღმოფხვრაზე. მოლდოვა გადის გასუფთავების ამ პროცესს და დროა საქართველომაც იგივე გააკეთოს“, თქვა ჩენუსამ.

მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ქვეყნისთვის კრიტიკული საკითხების გადაჭრაში დაეხმარება. კორტნის მიაჩნია, რომ მოლდოვის მსგავსად, ცვლილებები საქართველოსაც სჭირდება, განსაკუთრებით პოლიტიკაზე ინდივიდუალური ადამიანების გავლენის შემცირების თვალსაზრისით.

"პოლიტიკის გადატანა ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე და არა პიროვნებების მიერ განსაზღვრულ პოლიტიკაზე, არის კრიტიკული ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს კვლავ გახდეს აღმოსავლეთის პარტნიორობის ვარსკვლავი და მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს", თქვა კორტნიმ.

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყნებმა რეფორმების პროცესი უნდა გაიარონ, რომელსაც წევრობის კრიტერიუმი ჰქვია და რომლის მიზანიც კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირის კანონმდებლობასთან, წესებთან და პრინციპებთან დაახლოებაა. მესამე და ბოლო საფეხური კი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაა, რომლის დასრულების შემდეგაც, ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, ქვეყანა ბლოკის წევრი ხდება.

XS
SM
MD
LG