ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ ეწევა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საბოტაჟს?


ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მოსახლეობის 88% უჭერს მხარს

რაც უფრო ახლოვდება 24 ივნისი, როცა ნათელი გახდება, რა შანსები აქვს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, პოლიტიკური რიტორიკა სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს და პოლარიზებას.

ექსპერტების აზრით, „ქართული ოცნება“, რომელიც მეათე წელია ხელისუფლებაშია, იმ შემთხვევისთვის, თუ ევროკომისიის „მოსაზრების დოკუმენტი“ მისაღები არ იქნება, წინასწარ ცდილობს, მთელი პასუხისმგებლობა ოპონენტებს დააკისროს.

„ჩემზე ეს ტოვებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საბოტაჟის შთაბეჭდილებას. ვერ ვხდები, როგორ შეიძლება, ერთი ხელით ევროკავშირს წევრობას სთხოვდე და მეორე ხელით თმებში ექაჩებოდე"
ლევან ცუცქირიძე, პოლიტოლოგი, „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ დირექტორი

„ოცნებამ“ „მტრების“ სიაში, ოპოზიციის, „უცხოელი ლობისტი“ ევროპარლამენტარების და ელჩების, მესამე სექტორის და კრიტიკული მედიის, პრეზიდენტის შემდეგ, დამატებით, სახალხო დამცველიც შეიყვანა.

ომბუდსმენის ოფისმა დღეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის სასამართლო განაჩენს „არსებითად დაუსაბუთებელი“ უწოდა და პრეზიდენტს მისი შეწყალების მოთხოვნით მიმართა.

პარალელურად, ევროპარლამენტი აპირებს, ბოლო წლებში, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეზოლუციის მიღებას, რომელიც „საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას“ ეხება. ბრიუსელში რეზოლუციას კენჭს 9 ივნისს უყრიან.

„ჩემზე ეს ტოვებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საბოტაჟის შთაბეჭდილებას“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პოლიტოლოგმა ლევან ცუცქირიძემ, რომელიც „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ დირექტორია.

მისი თქმით, „შეუძლებელია არ გესმოდეს, რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ახლა, ამ მომენტში, ასეთმა გადაწყვეტილებებმა, ასეთმა რიტორიკამ. ვერ ვხდები, როგორ შეიძლება, ერთი ხელით ევროკავშირს წევრობას სთხოვდე და მეორე ხელით თმებში ექაჩებოდე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხდება, არა გულუბყვილობით ან უვიცობით, თუმცა, არც ამის ნაკლებობაა, არამედ ხდება სრულიად გამიზნულად.“

ცუცქირიძის აზრით, ამ ყველაფერს რამდენიმე ახსნა აქვს. „ერთი ის, რომ „ოცნება“ მაინც და მაინც არ არის მოწადინებული ევროკავშირთან დაახლოების. იმიტომ, რომ ევროკავშირთან დაახლოება, აუცილებლად მოიტანს იმ საკითხებში პროგრესს, როგორიც არის კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, სამართალდამცველების პარტიული კონტროლიდან გამოსვლა და ავტონომიურობა. ეს ახლა იქნება, პირობებად ჩადებული, კანდიდატობის ეტაპზე თუ შემდგომ ეტაპზე, ეს ამოცანები აუცილებლად გადასალახი იქნება.

მაშინ, როცა ხელისუფლების ძალაუფლება დიდწილად ეყრდნობა პოლიტიკურ, მიკერძოებულ მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ სამართალდამცავ სისტემას, „ოცნება“ მაინც და მაინც აღფრთოვანებით ამ პრობლემების მოგვარებას არ უყურებს.

ამასთან, მმართველ პარტიას აქვს ბრიუსელიდან სიგნალები, რომ დიდი კონსენსუნსი არ არის, თუ როგორ შეიძლება საქართველოს საკითხი გადაწყდეს, და ზოგიერთი ფიქრობს, როგორ აირიდონ საკუთარი პასუხისმგებლობა.

აქ ჩვენ დავინახეთ მტრების ძებნა. თურმე, არასამთავრობოები დადიან ბრიუსელში და საქმეს აფუჭებენ, თურმე ოპოზიცია დადის და საქმეს აფუჭებს, მოკლედ ყველა დამნაშავეა მთავრობის გარდა. პრობლემა კი არის ის, რომ „ოცნებას“ ევროპარლამენტში აქტიური მოკავშირეები აღარ დარჩა, ყველა არის კრიტიკულად განწყობილი და ეს საქართველოსთვის დიდი პრობლემაა“ - ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე.

ევროკავშირის დროშა თბილისში, თავისუფლების მოედანზე
ევროკავშირის დროშა თბილისში, თავისუფლების მოედანზე

„ქართული ოცნება“ პირიქით საბოტაჟში ოპოზიციას და „უცხოელ ლობისტებს“ ადანაშაულებს. მმართველი პარტია მთელი კვირაა უმკაცრესად აკრიტიკებს ევროპარლამენტის უმრავლესობაში მყოფ „ევროპის სახალხო პარტიას“ (EPP).

სწორედ ევროპის უმსხვილეს პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს დეპუტატთა ის ჯგუფი, რომელმაც ევროპარლამენტში „საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას“ კრიტიკული რეზოლუციის ერთ-ერთი პროექტის ინიცირება მოახდინეს. სულ ევროპარამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ რეზოლუციის შვიდი კრიტიკული პროექტია ინიცირებული.

"ოლიგარქიზაცია და, შესაბამისად, პოლარიზაცია საქართველოში რჩება მაღალი და კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში, რომელიც დემოკრატიული არჩევნებით ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის"
ევროპარლამენტარების იუკნევიჩიენეს და კუბილიუსის მიმართვიდან

რეზოლუციის პროქტების განხილვას წინ უსწრებდა, EPP-ის 30 მაისის მკაცრი განცხადება საქართველოს შესახებ. EPP-ის ასოცირებული წევრის „ნაციონალური მოძრაობის“ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოში არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების შეუჩერებელი ეროზია გამოიწვია“.

ამ წერილიდან ერთი კვირის თავზე გამოქვეყნდა, EPP-ის წევრი ლიტველი ევროპარლამენტარების იუკნევიჩიენეს და კუბილიუსის ღია წერილი ქართველი ხალხისადმი, სადაც ვკითხულობთ, რომ „საქართველოში ვითარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაუარესდა.

მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ამჟამინდელმა მთავრობამ სათანადო სამუშაო არ გასწია იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის წინა პლანზე ყოფილიყო. ამან ასევე გაართულა ევროკავშირსა და აშშ-ში საქართველოს მეგობრების მუშაობა.

ოლიგარქიზაცია და, შესაბამისად, პოლარიზაცია საქართველოში რჩება მაღალი და კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში, რომელიც დემოკრატიული არჩევნებით ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის“.

„ევროპის სახალხო პარტიაში“ გაერთიანებულია დანაშაულებრივი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი კი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი“ - ასე გამოეხმაურა EPP-ის კრიტიკულ განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

წულუკიანი ევროპარლმენტარებს მკაცრად აკრიტიკებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:31 0:00

„ისინი ამ განცხადებით უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩვენი ხელისუფლება არის არჩევნების შედეგად არჩეული, მას ნდობა გამოუცხადა ამომრჩევლის უმრავლესობამ. შესაბამისად, დემოკრატიული არჩევნების შედეგადაა ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალა.

„ისინი ამ განცხადებით უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ნებისმიერი თავდასხმა დემოკრატიულად სათავეში მოსულ პოლიტიკურ ძალაზე არის თავდასხმა ხალხზე, თავდასხმა სახელმწიფოსა და ქვეყანაზე. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რასაც მოთმინებით ველოდებით“
თეა წულუკიანი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი

ნებისმიერი თავდასხმა დემოკრატიულად სათავეში მოსულ პოლიტიკურ ძალაზე არის თავდასხმა ხალხზე, თავდასხმა სახელმწიფოსა და ქვეყანაზე. დიახ, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რასაც მოთმინებით ველოდებით“ - აღნიშნა იუკნევიჩიენეს და კუბილიუსის ღია წერილზე საუბრისას კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

საქართველომ 3 მარტს გააკეთა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მთავრობამ 2 მაისს დაასრულა ევროკითხვარის შევსება და ახლა ევროკომისიის მოსაზრებას ელოდება.

პასუხი ბრიუსელიდან, რომელიც საქართველომ ივნისის მეორე ნახევარში უნდა მიიღოს, რამდენიმე შეიძლება იყოს. იდეალური იქნება, თუ ქვეყანა მიიღებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, დამატებითი პირობებისა და ვალდებულებების გარეშე; ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო მიიღებს სტატუსს, დამატებითი პირობებით და ვალდებულებებით;

პასუხის ყველაზე ცუდი ვარიანტებია: პოტენციური კანდიდატის სტატუსის მიღება იმ დათქმით, რომ ქვეყანაში აღარ იქნება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და სხვა ცნობილი პრობლემები და, შემდეგ შეძლებს სტატუსის მიღებას; ჩანაწერი, რომ ქვეყანა „ოდესღაც“, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და უარი კანდიდატის სტატუსზე.

„არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ ერთის მხრივ, შეიძლება ქვეყანაში გვქონდეს, ოლიგარქატი, არათავისუფალი სასამართლო, ფავორიტიზმი, უცხოელი ინვესტორებისადმი არასწორი დამოკიდებულება და მეორეს მხრივ შევძლოთ, ევროკავშირისკენ სვლა, დასავლული ბაზრების გახსნა, ინვესტიციების მოზიდვა და ისეთი კომპანიების შემოყვანა ქვეყანაში, რომელიც რეალურ დოვლათს შექმნის.

ქადაგიძე არათავისუფალი სასამართლოს შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:14 0:00

დამისახელეთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სამი დიდი დასავლური კომპანია, რომელიც საქართველოში შემოვიდა. ვერ დამისახელებთ“ - ამბობს ეკონომისტი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად, სწორედ არათავისუფალ მართლმსაჯულების სისტემას მიიჩნევს.

„არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ ერთის მხრივ, შეიძლება ქვეყანაში გვქონდეს, ოლიგარქატი, არათავისუფალი სასამართლო, ფავორიტიზმი, და მეორეს მხრივ შევძლოთ, ევროკავშირისკენ სვლა, დასავლული ბაზრების გახსნა"
გიორგი ქადაგიძე, ეკონომისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი

დღეის მდგომარეობით, ევროპარლამენტში, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს, ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის კონგრესი ევროპისთვის (ALDE).

ეს მხარდაჭერა ALDE-მ, რეზულუციით გამოხატა, რომლის ინიცირებაც ALDE-ს ასოცირებულმა წევრებმა, ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა: რესპუბლიკურმა პარტიამ, ლელომ, თავისუფალმა დემოკრატებმა და გირჩი – მეტი თავისუფლებამ მოახდინეს.

საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ასევე რეზოლუციით დაუჭირა მხარი ევროპის მწვანეთა პარტიამ, რომლის წევრიც საქართველოს მწვანეთა პარტიაა.

ევროკავშირის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი, ევროპის სახალხო პარტია (EPP) მხარდაჭერას უცხადებს "ქართველი ხალხის" ევროპულ მისწრაფებას, ამავე დროს, რეზოლუციის პროექტში, მოითხოვს პერსონალური სანქციები დაუწესდეს არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს, იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც შერჩევით მართლმსაჯულებას ახორციელებენ.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ჯერჯერობით, არაფერს ამბობს, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D), ამ ალიანსში შედის ევროპის სოციალისტური პარტია (PES), რომელიც ევროპარლამენტში, “ქართული ოცნების” პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფია.

საქართველო პასუხს ევროგანაცხადზე 24 ივნისს მიიღებს
საქართველო პასუხს ევროგანაცხადზე 24 ივნისს მიიღებს

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG