ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი-კიშინევის შემდეგ, EU-ის კითხვარის შევსება, თბილისმაც დაასრულა


საქართველოს და ევროკავშირის დროშები თბილისის ცენტრში
საქართველოს და ევროკავშირის დროშები თბილისის ცენტრში

2 მაისს, საქართველო ხელისუფლება, ევროკავშირის კითხვარის პირველ შევსებულ ნაწილს, თბილისში, EU-ის ელჩს კარლ ჰარცელს გადასცემს. 369 კითხვისგან შემდგარი დოკუმენტის მომზადებას, მთავრობამ არასრული სამი კვირა მოანდომა.

ევროკავშირის კითხვარი, რომელსაც ბრიუსელი გამოიყენებს შესაფასებლად, მიანიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თბილისს, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადმოსცა.

სამოქალაქო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობამ მხოლოდ კითხვების შინაარსი გახადა საჯარო, პასუხების გასაჯაროებაზე კი რატომღაც უარი თქ„რაც შეეხება პასუხებს, აქ არის საკითხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონი არ არის“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, „საქართველო კარგად არის მომზადებული ამ კითხვარისთვის და ჩვენი მოლოდინები არის ოპტიმისტური“.

ევროკავშირის თვითშეფასების დოკუმენტის პირველი ნაწილი მოიცავდა კითხვებს, ძირითადად, ქვეყნის სახელმწიფო და კონსტიტუციური მოწყობის, ასევე პოლიტიკისა და ეკონომიკის მდგომარეობის შესაფასებლად.

მაგალითად, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო? თავისუფალია სამოქალაქო საზოგადოება? რამდენად კარგად იცავს სახელმწიფო შეკრების, გამოხატვის, რწმენის თავისუფლებას? ეთნიკურ, სექსუალურ, რეგილიგიურ უმცირესობებს, შშმ თემს?

მარტივია ბიზნესის კეთება? როგორ არის მოწყობილი შრომითი ბაზარი, რამდენად არის დაცული შრომის უფლება? აქვს თუ არა საქართველოს ყველა მოსახლეს წვდომა ინტერნეტზე? როგორ არის განვითარებული ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ა.შ

ჩიტაძე EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00
"საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. მაგალითად, ეკონომიკის კუთხით, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს, დაახლოებით, 4200 დოლარს. ამ მაჩვენებლით, საქართველო, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, 7-8 ჯერ ჩამორჩება"
ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი

„ჩემთვის გაუგებარია, თუ რა მიზეზით არ გახადა საჯარო, მთავრობამ ევროკავშირისთვის გადასაცემი პასუხები“ - გვითხრა შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგის აზრით, „კითხვარის შევსება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, პასუხების შინაარსი და ქვეყნის რეალური მდგომარეობა.

ჩემი აზრით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. მაგალითად, ეკონომიკის კუთხით, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს, დაახლოებით 4200 დოლარს და ამ მაჩვენებლით, საქართველო, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, 7-8 ჯერ ჩამორჩება. დემოკრატიის კუთხითაც, „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემებით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა“ - მიაჩნია ჩიტაძეს.

მთავრობას კითხვარის მეორე ნაწილში, დაახლოებით, 2300 შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. ამისათვის დრო 13 მაისამდე აქვს. ამ ნაწილში, ბრიუსელი ცდილობს გაერკვეს, როგორ ვასრულებთ, სხვადასხვა სფეროში, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

რამდენად შესწევს საქართველოს უნარი, გაუმკლავდეს იმ ვალდებულებებს, რომელსაც ევროკავშირის წევრობა დააკისრებს, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით? როგორი მდგომარეობაა კონკრეტული სექტორების და დარგების მიხედვით.

ბედინეიშვილი: ამ გზაზე ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:26 0:00
მე რომ ვიყო გადაწყვეტილების მიმღები ევროპელი, ვერ ჩავთლიდი რომ საქართველო დღეს ევროპული ოჯახის წევრობას იმსახურებს, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს
გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი

„შემიძლია ბევრი ვისაუბრო, ბიზნესგარემოს გაუარესებაზე, ინვესტორებზე, რომლებიც საქართველოდან საერთაშორისო არბიტრაჟში გაიქცნენ. ბევრ სხვა პრობლემებზე, მაგრამ ამ ქეისებსაც რომ თავი დავანებოთ, მე რომ ვიყო დღეს, გადაწყვეტილების მიმღები ევროპელი, ვერ ჩავთლიდი რომ საქართველო დღეს ევროპული ოჯახის წევრობას იმსახურებს ანუ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს“ - გვითხრა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში, კიევის მხარდაჭერის საკითხშიც კი, საქართველოს მთავრობა „ცალყბად“ მოქმედებს და სანქციების ამბავშიც, ბევრი ევროპელი პარტნიორისთვის, თბილისის პოზიცია გაუგებარია.

„ქართული ოცნება“, რომელიც მეათე წელი ხელისუფლებაშია მხოლოდ 2024 წლისთვის ფიქრობდა, ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანას. ეს პროცესი პუტინის რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და კიევისადმი დასავლური მხარდაჭერის უპრეცედენტო ზრდამ დააჩქარა. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

„ოცნება“ ჯერ კიდევ 1 მარტს აცხადებდა, რომ საქართველო ამ პროცესისთვის ობიექტურად მზად არ იყო. თუმცა, 2 მარტს, გადაწყვეტილება ელვისებურად შეიცვალა და „ახალი რეალობის გათვალისწინებით”, როცა უკრაინას, მოლდოვაც მიჰყვა, განაცხადს ხელი პრემიერმა ღარიბაშვილმაც მოაწერა.

„უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინასა და უკრაინის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად“ - ასე გამოეხმაურა ბრიუსელიდან კითხვარის მიღებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ომში ჩართულმა უკრაინამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ბრიუსელს, 8 აპრილს გადასცა. მოლდოვამ - 22 აპრილს. საქართველო ამას 2 მაისს გააკეთებს.

პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით „პოზიტიური მოლოდინი“ აქვს და ასოცირებული ტრიო - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა კითხვარს ერთად წარადგენს.

რამდენად დააკმაყოფილებს ბრიუსელს, საქართველოს პასუხები, ეს გამოჩნდება „მოსაზრების დოკუმენტში“ გამოთქმულ კონკრეტულ რეკომენდაციებში, რომელსაც ევროკომისია კითხვარის გაცნობის შემდეგ შეიმუშავებს.

ევროკავშირის საბჭო სწორედ ამ რეკომენდაციების მიხედვით გადაწყვეტს, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

XS
SM
MD
LG