ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული მართლმსაჯულება სცილასა და ქარიბდას შორის


სკანდალური მოსამართლის, 40 წლის ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ არჩევა - საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, „კიდევ უფრო გააღრმავებს საზოგადოების უნდობლობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.“ ლევან მურუსიძის საქმიან ბიოგრაფიაში მინიმუმ სამი საქმეა, რომლებიც საქართველოს სასამართლოების უახლეს ისტორიაში შავი ასოებით არის ჩაწერილი.

ეს არის, 2005 წლის დეკემბერში, პირადად პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს თავჯდომარეების ღია ზეწოლით, ე.წ „ოთხი მეამბოხე მოსამართლის“ უზენაესი სასამართლოდან დათხოვნის საქმე. განთავისუფლებულთა შორის მაშინ მოხვდა ნინო გვენეტაძე - უზენაესი სასამართლოს ახლანდელი თავჯდომარეც;

ეს არის 2006 წლის ივნისში, კონტროლის პალატის ყოფილი თავჯდომარის სულხან მოლაშვილის საქმე, როცა მოსამართლე მურუსიძემ ისე გამოიტანა 8 წლიანი სასჯელი, რომ ერთხელაც კი არ დაინტერესებულა ნამდვილად აწამებდნენ თუ არა მოლაშვილს ციხეში?

და ყველაზე სკანდალური საქმე: 2007 წლის ივლისში, სწორედ მოსამართლე მურუსიძემ შეუმცირა სასჯელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ თანამშრომელს.

ევროსასამართლომ სწორედ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

ანა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე ამბობს, რომ ის ფარული გარიგება რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლედ ლევან მურუსიძის ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით შედგა, არის სამარცხვინო.

„ძალიან ცუდია, რომ მოსამართლეთა კორპუსი დღეს მთელ საზოგადოებას უპირისპირდება. იმის გამო უპირისპირდება, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლეს კიდევ ერთხელ სისტემამ ხელი დააფაროს. ის რაც უკვე მოხდა, არის ძალიან სამარცხვინო და ცუდი გადაწყვეტილება. მურუსიძე არის იმ ტიპის ადამიანი, რომელიც არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

როდესაც საზოგადოებაში დაიწყო ძალიან ლეგიტიმური პროტესტი, თუ როგორ დააყენა მან, კიდევ ერთხელ მოსამართლეობაზე კანდიდატურა, მურუსიძემ მოსამართლეთა კონფერენციაც კი გარია ამ სამარცხვინო ამბავში. ასეთი მიდგომით, სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ჩვენ თავზე ჩამოგვემხობა ყველაფერი.“

ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლეობას აპირებდა დეკემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი (მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 10 წლიანი ვადა 2016 წლის აპრილში ეწურებოდა - ზ.წ) და მაშინვე საზოგადოების დიდი ნაწილის უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მურუსიძის არჩევა დაუშვებელია და დემონსტრაციულად, 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე, სიკვდილის შემდეგ თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

ლევან მურუსიძის არჩევის დაუშვებლობაზე საჯაროდ საუბრობდნენ თავდაცვის და იუსტიციის მინისტრები, თუმცა არაოფიციალურად, ცნობილი იყო, რომ მისი კანდიდატურა ყოფილი და მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერ-მინისტრების: ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით სარგებლობდა (ღარიბაშვილი მოსამართლეთა არჩევნებამდე 2 დღით ადრე გადადგა - ზ.წ). ასევე, მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი, მათ შორის იუსტიციის საბჭოს წევრები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მოსამართლეთა არჩევნებს კურირებს, 15 წევრისგან შედგება. აქედან, 9 წევრი მოსამართლეა. ხუთ წევრს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს, ერთს კი საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.

იუსტიციის საბჭოში გამართულ 25 დეკემბრის არჩევნებზე, ლევან მურუსიძე ვერ გახდებოდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომ არა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი სამი წევრის: ვახტანგ თორდიას, კახა სოფრომაძისა და ევა გოცირიძის (უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავჯდომარის, ამჟამად, მთავრობის მიერ ვენეციის კომისიის წევრად წარდგენილი მინდია უგრეხელიძის მეუღლე - ზ.წ) მხარდაჭერა.

მათ გარდა, მურუსიძეს მხარი ასევე დაუჭირეს მოსამართლეებმა: თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ილონა თოდუამ, ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ და ლევან თევზაძემ.

პარლამენტის ქვოტით არჩეული გოჩა მამულაშვილი საბჭოს სხდომას ავადმყოფობის გამო არ დაესწრო, ხოლო პრეზიდენტის დანიშნული წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი კენჭისყრაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა. მურუსიძის წინააღმდეგ ერთადერთი ხმა მხოლოდ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძემ მისცა.

„თავისუფალი დემოკრატი“, დეპუტატი შალვა შავგულიძე, რომელიც ევროსასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, გირგვლიანების ოჯახის ინტერესებს იცავდა, ამბობს რომ ეს გადაწყვეტილება ევროსასამართლოს შეურაცყოფა და მართლმსაჯულების დაცინვაა.

„რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? ამ პოლიტიკურმა ძალამ უზარმაზარი დივიდენდი და კაპიტალი დააგროვა გირგვლიანის საქმეზე, გახსოვთ, ალბათ, წინასაარჩევნოთ, სწორედ ეს საქმე იყო ყველაზე უფრო გამოყენებადი და დაპირებებში სულ გვესმოდა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა.

და სინამდვილეში გააკეთა ის, რომ იმ მოსამართლეს ნიშნავს, რომელმაც გირგვლიანის საქმეზე სამარცხვინო და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება გამოიტანა და მას უვადოდ გამწესების პერსპექტივასაც კი აძლევს.

ისმის კითხვა, რატომ აკეთებს ამას ქართული ოცნება? განა არ იცის მისმა პირველმა პირმა და მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა რომ ეს უაღრესად არაპოპულარი და წამგებიანი ნაბიჯია? იცის! მაგრამ უბედურება იმაშია, რომ დღეს უკვე „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ლევან მურუსიძის მსგავსი დისკრედიტირებული მოსამართლეები, რომ მათი ხელით მთელი სასამართლო სისტემა მართოს.“

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ ქვოტით დანიშნული სამი წევრის (ვახტანგ თორდია, კახა სოფრომაძე და ევა გოცირიძე) მტკიცებით, მათ იმიტომ არ ჩააგდეს „არასახარბიელო რეპუტაციის მქონე“ მურუსიძის კანდიდატურა, რომ ეს ერთის მხრივ „აღქმული იქნებოდა, როგორც ძველი მოსამართლეებისადმი საერთო უნდობლობის გამოცხადება და სასამართლო სისტემიდან მათი თანდათანობითი განდევნის მაუწყებელი ნაბიჯი, რაც გამოიწვევდა მათ დემორალიზაციას, არასტაბილურობასა და ქაოსს სასამართლო სისტემაში.“

და, მეორეს მხრივ, „მურუსიძის კანდიდატურის უარყოფას შეიძლებოდა გამოეწვია სხვა, უწინარესად კი იმ კანდიდატებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების წარმოშობა, რომლებსაც არამოსამართლე წევრები ვუჭერდით მხარს. კენჭისყრა შესაძლოა დამთავრებულიყო ნულოვანი შედეგით“.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებების შტოებს შორის შედგა ფარული გარიგება. „არასახარბიელო რეპუტაციის მქონე“ ძველმა მოსამართლეებმა მიიღეს მმართველი პარტიის მხარდაჭერა და დარჩნენ მოსამართლის თანამდებობებზე, იმის სანაცვლოდ, რომ კენჭისყრაზე, საპასუხოდ, ხელისუფლების მხარადჭერილ მოსამართლეობის კანდიდატებს მისცეს ხმა.

25 დეკემბრისთვის, სასამართლო სისტემაში მოსამართლის 61 ვაკანტური თანამდებობა არსებობდა და იუსტიციის საბჭოში გამართული ბოლო კენჭისყრის შედეგად, 38 მოსამართლე აირჩა. აქედან: 8 იუსტიციის სკოლის მსმენელია, 6 მოქმედი და 24 ყოფილი მოსამართლე. 23 მოსამართლის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურად რჩება.

XS
SM
MD
LG