ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონი შავი ზღვის ბლოკადაზე ზელენსკის ესაუბრა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ლონდონის განცხადებით, საუბრის თემა შავი ზღვის ბლოკადის დასრულება იყო, რათა კიევს მიეცეს მარცვლეულის და სხვა პროდუქციის ექსპორტის საშუალება.

„ლიდერებმა ასევე ისაუბრეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე და საზიანო რუსული ბლოკადის დასრულებაზე უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისთვის“, - თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფისის პრესპიკერმა. ეს იმ ფონზე ხდება, როცა დღეს ბრიტანეთის პრემიერისადმი მისი პარტიის ნდობის საკითხი დგება, რომელიც მისი თანამდებობაზე დარჩენის საკითხს გადაწყვეტს.

შავ ზღვაში, მოსკოვი ბლოკავს უკრაინულ გემებს ზღვაში ნაოსნობისგან და აფერხებს ისეთ კრიტიკულ ექსპორტს, როგორიცაა ხორბალი და მზესუმზირის ზეთი. ბლოკადა არა მხოლოდ კიევს უქმნის საფრთხეს, რომლის ექსპორტის უმეტესობაც სწორედ ზღვით ხორციელდებოდა, არამედ მთელ მსოფლიოს, რადგან უკრაინა საკვებით ყოველწიურად დაახლოებით 400 მილიონ ადამიანს ამარაგებს, ძირითადად - განვითარებად ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

შავი ზღვის მომავალი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:15 0:00

უკრაინა ხორბლისა და ზეთის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია მსოფლიოში. თუ ის შემოდგომაზე მსოფლიო ბაზარს ვერ მოამარაგებს, ამ პროდუქტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ფასების ზრდა და დეფიციტი კი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს.

დასავლეთის ქვეყნები საუბრობენ გზებზე, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას. ერთ-ერთი ვარიანტი, რომლის ინიციატორიც ლიეტუვაა, „მსურველთა კოალიციის“ შექმნაა. ქვეყნების ჯგუფის, რომელთა ფლოტიც საექსპორტო საქონლით დატვირთულ უკრაინულ გემებს გააცილებს. გაჟღერდა, რომ კოალიციას შესაძლოა ბრიტანეთი შეუერთდეს, თუმცა ეს მოგვიანებით ლონდონმა უარყო. დასავლეთში შიშობენ, რომ ეს მათ რუსული ფლოტთან სამხედრო დაპირისპირების საფრთხის წინაშე დააყენებს.

XS
SM
MD
LG