ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაიბლოკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რეისი სერბეთში


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყნის მიერ, სერბეთის მიმართულებით მოძრავი მისი თვითმფრინავის დაბლოკვას „უპრეცედენტო“ ნაბიჯი უწოდა. სერგეი ლავროვმა იქვე დაამატა, რომ მათ ასეთ გადაწყვეტილებაზე ახსნა-განმარტება ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

ლავროვი აცხადებს, რომ სანაცვლოდ, თავის სერბ კოლეგას მოსკოვში მიიწვევს. „მთავარი ისაა, რომ სერბეთთან ჩვენს ურთიერთობებს ვერავინ დაანგრევს“ - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ თავისი საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს ოფიციალურ თვითმფრინავს, რომელსაც მოსკოვის მთავარი დიპლომატი ორშაბათს ბელგრადში უნდა ჩაეყვანა.

კრემლმა ეს ფაქტი მტრულ ქმედებად შეაფასა.

ლავროვმა ჟურნალისტებს უთხრა: „თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტს დასავლეთი აღიქვამს ისეთ რამედ, რაც უნივერსალური მასშტაბის საფრთხეს უახლოვდება, მაშინ დასავლეთში საქმეები აშკარად ძალიან ცუდადაა“.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდარ ვულინმა განაცხადა, რომ ლავროვის ვიზიტის „ობსტრუქციის“ გამო ღრმად სწუხს. მან ლავროვი დაახასიათა, როგორც „სერბეთის დიდი და გამოცდილი მეგობარი“.

ვულინმა თავის განცხადებაში ასევე თქვა: „სერბეთი ამაყობს იმით, რომ ანტირუსული ისტერიის ნაწილი არ არის და იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან, მოვა დრო და ამის შერცხვებათ“.

სერბეთი, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული კავშირები აქვს, წინააღმდეგობას უწევდა წნეხს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მხარე აერჩია და მოსკოვის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს არ შეუერთდა.

XS
SM
MD
LG