ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპმა პუტინთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა კრემლს პასუხი არ გაუცია


რომის პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვა, რათა სცადოს უკრაინაში ომის დასრულება. მაგრამ, პაპს პასუხი ჯერ არ მიუღია. რომის პაპი იტალიურ გამოცემა „კორიერე დელა სერასთან“ საუბატში იმასაც ამბობს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი კირილი, რომელმაც ომს სრულად დაუჭირა მხარი, არ უნდა გადაიქცეს პუტინის „საკურთხევლის ბიჭად“.

ფრანცისკემ, რომელმაც ომის დასაწყსში უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და რუსეთის საელჩოს ეწვია, გამოცემას უთხრა, რომ კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, ვატიკანის წამყვან დიპლომატებს ვლადიმირ პუტინისთვის გზავნილის გადაცემა სთხოვა იმის თაობაზე, რომ რომის პაპს მოსკოვში წასვლა სურდა. მისი თქმით, პასუხი მას შემდეგ არ ყოფილა, თუმცა ვატიკანი შეხვედრას კვლავ ითხოვს. პაპის თქმით, ის შიშობს, რომ ვლადიმირ პუტინს არ სურს ამ ეტაპზე ამ შეხვედრის გამართვა. „მაგრამ როგორ არ უნდა შეწყვიტო ამდენი სისასტიკე?“ - ამბობს ის.

ინტერვიუმდე რომის პაპი საჯარო გამოსვლებში კონკრეტულად რუსეთსა და პუტინს არ ახსენებდა. თუმცა გასაგები იყო, რომელ მხარეს აკრიტიკებდა.

რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი საფრანგეთის პრეზიდენტსაც.

უკრაინაზე სამხედრო იერიში რუსეთმა 24 თებერვალს განაახლა. კრემლი ამ პროცესს "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს და ამტკიცებს, რომ სამხედრო ინტერვენცია ქვეყნის "დენაციფიკაციისთვისაა" საჭირო.

XS
SM
MD
LG