ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს“ - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


იან ლიპავსკი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის ხმას ესაუბრება. ვაშინგტონი, 2022 წლის აპრილი.

უკრაინის მისწრაფება ევროკავშირის წევრობისკენ და ომის შემდგომი რეკონსტრუქცია - ეს არის საკითხების ნაწილი, რაც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილა. იან ლიპავსკისთან „ამერიკის ხმამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

„ასი პროცენტით დარწმუნებულკი ვარ, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. პირველი ივლისიდან, როტაციის პრინციპით, ჩეხეთი ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა გახდება. პრაღა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. „ქვაში ამოკვეთილია, რომ უკრაინას აქვს უფლება იყოს ევროპული საზოგადოების ნაწილი და ევროკავშირის წევრი“ - ეს არის ლიპავსკის ხედვა, ევროკავშირის წევრობისკენ უკრაინის მისწრაფების შესახებ.

„ჩვენ არ ვართ მხოლოდ სავაჭრო ბლოკი, - ჩვენ ასევე ვართ ღირებულებებზე დაფუძნებული გაერთიანება და უკრაინელებმა, როგოც ერმა, როგორც ხალხმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს არის ღირებულებები, რომლითაც სურთ იცხოვრონ და ახლა ისინი ახლა საკუთარი არჩევანისთვის იბრძვიან და კვდებიან“ - ამბობს ლიპავსკი.

ჩეხეთის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის კონცეფცია ესმის. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოსკოვი კიევის დაკავებას არ ცდილობს წინააღმდეგობაა, რომელიც რუსულმა ძალებმა უკრაინული ძალებისგან მიიღეს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა ხაზი გაუსვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნების შიშს, რომ შესაძლოა მათ დაკარგონ საკუთარი დემოკრატიული ცხოვრების წესი და კვლავ რუსეთის იმპერიალისტური ოცნების ნაილი გახდნენ.

რუსეთს მხოლოდ ძალის კონცეფცია ესმის. მიზეზი იმისა, რომ რუსული ჯარი ახლა არ იკავებს კიევს, არ არის გამართული მოლაპარაკებები ან რაიმე სხვა. ეს ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ისინი ბრძოლით უკუაგდეს. ეს იყო ძალა, რომელმაც შეაჩერა რუსეთი თავს დასხმოდა და დაეკავებინა კიევი. ახლა რუსებმა გეგმები შეცვალეს, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინას უტევენ“ - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლიპავსკის თქმით, რუსეთის სასტიკი ქმედებები უკრაინაში, ყურადსაღებად „გადაუდებელი კრიზისია“, თუმცა მისივე თქმით, ეს არ არის ერთადერთი გლობალური გამოწვევა. ლიპავსკი ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს და მოუწოდებს დემოკრატიულ ერებს, მზად იყვნენ ამ გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მათ შორის გაეროში და სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG