ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა მოსკოვს ომში დნესტრისპირეთის ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს


უკრაინა მოსკოვს დნესტრისპირეთის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. რუსეთი ამბობს, რომ მისივე მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონი თავდასხმების სერიის სამიზნეა და ეს შეშფოთების სერიოზულ საფუძველს იძლევა.

დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ უკრაინას ესაზღვრება, აცხადებს, რომ 26 აპრილს, გათენებისას მომხდარმა ორმა აფეთქებამ ერთი მხრივ, იმ რადიო სადგურის ინფრასტრუქტურა დააზიანა, რომელიც რუსულად მაუწყებლობს, და მეორე მხრივ - სამხედრო ბაზა, რომელიც მის მიმდებარედაა განავსებული. დნესტრისპირეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დეტალებზე არ საუბრობენ, მაგრამ თავდასხმაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებენ და თავიანთ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე "ტერორიზმის საფრთხეზე" საუბრობენ.

დნესტრისპირეთის არაღიარებული პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თქვა, რომ ამ მიზეზით ქალაქების შესასვლელებთან საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდება. ყველა ავტომობილი, რომელიც ქალაქებში ღამით შევა, შემოწმდება.

რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დნესტრისპირეთში მუდმივი ბაზები და მშვიდობისმყოფელები ჰყავს განლაგებული. კიევი აქამდეც შიშობდა, რომ რეგიონი შესაძლოა უკრაინაზე ახალი თავდასხმის ბაზად ყოფილიყო გამოყენებული.

"თავდასხმის კვალი უკრაინამდე მიდის", - წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასი" თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ვადიმ კრასნოსელსკის სიტყვებზე დაყრდნობით. "მე ვვარაუდობ, რომ ისინი, ვინც ეს თავდასხმა დაგეგმა, დნესტრისპირეთის კონფლიქტში ჩათრევას ცდილობენ", - ამბობს კრასნოსელსკი.

მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლება რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის შესაძლო გაუარესებაზე განსაკუთრებული სიფრთხილით საუბრობს. თუმცა ამ ცნობების შემდეგ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.

"იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ახლა გვაქვს, ეს არის ესკალაციის მცდელობა დნესტრისპირეთის რეგიონის შიგნით იმ ფრაქციების მხრიდან, რომლებიც ომის მომხრე ძალები არიან და დაინტერესებულნი არიან რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციით", - თქვა პრეზიდენტმა მაია სანდუმ სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მისივე განმარტებით, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციაა, რომ შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ, გაიზარდოს პატრულირებისა და შემოწმების სიხშირე თუ მასშტაბები დნესტრისპირეთის მიმდებარე ტერიტორიებზე და უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობას.

კიევი მოსკოვს თავდასხმების ინსცენირებაში სდებს ბრალს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "დაგმო სასოწარკვეთილი მცდელობა მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონის უკრაინის სრულმასშტაბიან ომში ჩართვის თაობაზე". ქვეყნის დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ ამ ინციდენტს სწორედ რუსული მხარის მიერ კონფლიქტის ტერიტორიული გაფართოების თაობაზე გაკეთებული კომენტარები უძღოდა წინ.

გასულ კვირას რუსეთის ერთ-ერთმა წამყვანმა სამხედრო პირმა თქვა, რომ ომის მეორე ფაზა, ის, რასაც რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, მოიცავს სამხრეთ უკრაინის სრულ კონტროლს და მისი წვდომის გაუმჯობესებას დნესტრისპირეთთანაც. დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს მოსკოვი ყურადღებით აკვირდება. მოგვიანებით კი დიპლომატიურმა უწყებამ ისიც თქვა, რომ მათ "სურთ იმ სცენარის თავიდან არიდება, როცა მათ დნესტრისპირეთში მიმდინარე მოვლენებში ჩარევა მოუწევთ". ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სიტუაციას "კომპლექსურსა და დაძაბულს" უწოდებს, მაგრამ ამბობს, რომ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირ საუბარს არ გეგმავს.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ რეგიონში განვითარებული მოვლენები ამერიკის ყურადღების ცენტრშია.

XS
SM
MD
LG