ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპუაშვილი უკრაინის ელჩის გაწვევაზე: არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამართლიანს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. პაპუაშვილი ამბობს, რომ ახლა არსებულ ადამიანურ ტრაგედიებთან ეს საკითხი უმნიშვნელოა.

"აქამდეც განვაცხადეთ, რომ თავის დროზე კონსულტაციები, გაწვევა, ახლა მოხსნა ელჩის, ეს ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, არ არის ახსნადი ჩვენთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ შეფასებებზე. დღეს ჩვენ სრულად სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მთავარია ვკონცენტრირდეთ ამ მთავარზე, რომ დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს საკითხები იმდენად უმნიშვნელოა იმ საერთო მიზანთან შეფარდებით, რასაც ჰქვია ადამიანური ტრაგედიების დასრულება, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ", - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

31 მარტს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხელს აწერს საქართველოდან ელჩის გაწვევას. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

„არიან ისეთები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვაზე, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ იმაზე, რომ დარჩნენ თანამდებობებზე. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთის ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინა 24 თებერვლიდან საკუთარი ტერიტორიისა და მოსახლეობის დასაცავად რუსეთის აგრესიას იგერიებს. თავდაპირველად, უკრაინის პრეზიდენტმა კონსულტაციებისთვის საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ განაცხადა რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მეექვსე დღეს (1 მარტს), მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების შემდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG