ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ლიკვიდაცია“ - კრემლი "ცენზურის დაკანონებას" ცდილობს


უკრაინაში შეჭრის ფონზე, კრემლი  “ცენზურის დაკანონებას“ ცდილობს და თავისუფალი, კრიტიკული მედიასაშუალებების მაუწყებლობას ზღუდავს. მათ შორის მაუწყებლობას უჩერებს „რადიო თავისუფლების“ და „ამერიკის ხმის“ ერთობლივ პროექტს „ქარენთ თაიმსს“ (Current Times)

კრემლი რუსეთში „ცენზურის დაკანონებას“ ცდილობს და დეზინფორმაციის საბაბით 11 მედიასაშუალებას ბლოკავს. დაბლოკვა ემუქრება კიდევ ხუთზე მეტ ვებგვერდს და მედიასაშუალებას. „ქარენთ თაიმის“ ინფორმაციით, რუსეთში ბოლო საათების განმავლობაში შეზღუდვებით მუშაობს გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიების ვებგვერდებიც, მათ შორის „ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „ტიკ-ტოკი“ და „ინსტაგრამი“.

„როსკომნადზორის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ. მან რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მზარდი საფრთხის ფონზე მიიღო. სად იმყოფება ძიადკო ამ დროისთვის ცნობილი არ არის. მასთან ერთად რუსეთის დატოვება კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა გადაწყვიტა, თუმცა მათი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

კრემლიდან მომდინარე საფრთხის ფონზე ტელეკომპანია „დოჟდმა“ 12-წლიანი მაუწყებლობა შეაჩერა. „დოჟდმა“ მაუწყებლობა 2010 წელს დაიწყო, გასულ წელს არხს კრემლმა „უცხოური აგენტის სტატუსი“ მიანიჭა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეკომპანია ინტერნეტში მაუწყებლობდა.

„ჩვენ გვჭირდება ძალა, რომ ამოვისუნთქოთ და გავიგოთ, როგორ ვიმუშაოთ შემდგომში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავბრუნდებით ეთერში და გავაგრძელებთ მუშაობას,“- ამბობს ნატალია სინდევა, ტელეკომპანია „დოჟდის“ აღმასრულებელი დირექტორი.

სანამ არხი მაუწყებლობას შეაჩერებდა, ნატალია სინდევამ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ტელეკომპანია სატელეფონო მუქარებს იღებდა. „ჩვენი ოპერატორები იღებენ ზარებს, სადაც გვემუქრებიან, რათა შევწყვიტოთ მაუწყებლობა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც ახლა შეგვიძლია,“- თქვა მან პირდაპირი ეთერის დროს.

ამავე ეთერში ჩაერთნენ „ეხო მოსკვის“ წამყვანები. მათ თქვეს, რომ სანამ დრო აქვთ, ცდილობენ მოსახლეობას ახალი ამბები მიაწოდონ. მალევე „ეხო მოსკვის“ დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტათ 32-წლიანი მაუწყებლობა და „ლიკვიდაცია“ გამოეცხადებინათ.

მაუწყებლობის შეჩერებამდე, სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს ალექსეი ვენედიქტოვმა, თქვა, რომ კრემლი „ვერ შეეგუა რეალობას“. ჟურნალისტი „ეხო მოსკვიდან“ ამბობს, რომ რადიოსადგური ასეთივე პრინციპით აშუქებდა 2008 წელს ომს საქართველოსა და 2014 წელს ომს უკრაინაში.

"მათ ნერვებმა უმტყუნათ და ცდილობენ ცენზურის დაკანონებას" - ამბობს ვენედიქტოვი.

კრემლი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ უკრაინაში „სპეცოპერაციას“ მართავს „ნაციზმის“ წინააღმდეგ. მარეგულირებელი „როსკომნადზორი“ კი მედიასაშუალებებს „ცრუ ინფორმაციის სისტემატურ გაშუქებაში“ ადანაშაულებს. რუსულ მარეგულირებელში ცრუ ინფორმაციას უწოდებენ იმას, რომ რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს და ბომბავს დასახლებულ პუნქტებს. „როსკომნადზორში“ აცხადებენ, რომ რუსულენოვანმა მედიასაშუალებებმა, ინფორმაცია რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით უნდა გაავრცელონ.

4 მარტს რუსეთის დუმა რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კანონპროექტის განხილვასაც გეგმავს.

რუსულმა მარეგულირებელმა „ტვიტერს“ და „ფეისბუქსაც“ მიმართა, შეეზღუდათ აღნიშნული კონტენტი, თუმცა როგორც „დოჟდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ისე „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამერიკულმა სოციალურმა ქსელებმა მოსკოვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

სოციალური მედიის პლატფორმებმა, მათ შორის "ფეისბუქმა" და "იუ-თუბმა" განაცხადეს, რომ ისინი შეასრულებენ ევროკავშირის მიერ ამ რუსულ მაუწყებლებზე დაწესებულ აკრძალვას.

კრემლი აჩერებს „ქარენთ თაიმის“ მაუწყებლობასაც, რომელიც "რადიო თავისუფლების" და "ამერიკის ხმის" ერთობლივი პროდუქტია. შეზღუდვები ემუქრება „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციის და „რადიო თავისუფლების „რუსული რედაქციების“ ვებგვერდებსაც.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/“რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი დამოუკიდებელი, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებული მედია-საშუალებებია.

„ჩვენ ღრმად შემაშფოთებლად მივიჩნევთ ინფორმაციის თავისუფალ ნაკადში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას და მივიჩნევთ, რომ ეს ბრძანება პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ყველა ღირებულებას. რუსი ხალხი იმსახურებს თავისუფალ პრესაზე შეუზღუდავ წვდომას და შესაბამისად, ჩვენ ვერ შევასრულებთ როსკომნადზორის მოთხოვნას“ - განაცხადა „ამერიკის ხმის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოლანდა ლოპესმა.

„როსკომნდადზორის“ გადაწყვეტილების მიუხედავად, ორივე, "ამერიკის ხმა" და "რადიო თავისუფლება" რუსეთში მყოფი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას განაგრძობს და ვებგვერდების დაბლოკვის შემთხვევაში, მაყურებელსა და მკითხველს სპეციალურ ინსტრუქციებს აწვდის, თუ როგორ უნდა მოახერხონ გვერდი აუარონ „კრემლის“ გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG