ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი დასავლელი ელჩების თურქეთიდან გაძევებას ითხოვს


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცხადებს, რომ არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთი გეგმავდა ქვეყნიდან საფრანგეთის ელჩის გაძევებას.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს შაბათს განუცხადა, რომ ის გეგმავს ქვეყნიდან შეერთებული შტატების და კიდევ ცხრა დასავლური ქვეყნის ელჩების, მათ შორის, საფრანგეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას. ამ ნაბიჯის მიზეზი, დასავლეთის ქვეყნების მიერ ფილანტროპი ოსმან კავალას გათავისუფლების მოთხოვნა გახდა. 10 ქვეყნიდან 7 ნატოს წევრია. თუ ანკარა ამ გადაწვეტილებას მიიღებს, ეს დასავლეთთან ერდოღანის ხელისუფლებაში ყოფნის 19 წლის მანძილზე ყველაზე მწვავე დაპირისპირებად იქცევა.

კავალა ბევრ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფს აფინანსებდა. ის უკვე ოთხი წელია სასჯელს იხდის. მას ბრალად 2013 წლის საპროტესტო გამოსვლების დაფინანსება და 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედება.

18 ოქტომბერს, ერთობლივი განცხადებით, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიის და აშშ-ის ელჩებმა, თურქეთის მთავრობას კავალას საქმის სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტისკენ და მისი „დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ“ მოუწოდეს. განცხადების შემდეგ ისინი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თურქეთის მხარემ განცხადება შეაფასა, როგორც „უპასუხისმგებლო“.

„მე ჩვენს საგარეო საქმეთა სამინიტროს მივეცი ბრძანება და ვთქვი რაც უნდა გაკეთდეს: ეს 10 ელჩი პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს, დაუყოვნებლივ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მათ მიიღეს ცნობები და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას ელიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG