ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფაიზერი" 5-11 წლის ბავშვების ასაცრელად ემზადება


სამშაბათს, "ფაიზერმა" და "ბიონტექმა" შეერთებული შტატების მარეგულირებელს მიაწოდეს 5-დან 11 წლამდე ბავშვებში კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოცდის შედეგები. ისინი ფორმალურ მოთხოვნას აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA), საგანგებო ავტორიზაციის საფუძველზე ვაქცინის ამ ასაკობრივ ჯგუფში დამტკიცების თაობაზე, მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე წარუდგენენ.

ამ სიახლესთან დაკავშირებით ადმინისტრაციას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა სექტემბრის დასაწყისში თქვა, რომ მონაცემებს რაც შეიძლება სწრაფად განიხილავენ და დასკვნას არა თვეები, არამედ რამდენიმე კვირა დასჭირდება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, "როიტერის" ინფორმაციით, ვაშინგტონმა ამ ასაკობრივი ჯგუფის კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია, შესაძლოა ოქტომბრის ბოლომდე დაამტკიცოს.

პედიატრიის ამერიკული აკადემიის მონაცემებით, ზაფხულის ბოლოს ბავშვებში ინფიცირება მკვეთრად გაიზარდა. დღეს მილიონობით მშობელი მოუთმენლად ელის მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილებას, რადგან ბავშვები ინფექციის ერთ-ერთ მთავარ გამავრცელებლებად ითვლებიან.

"ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინა საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე უკვე დამტკიცებულია 12-დან 15 წლამდე მოზარდებში. აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ავტორიზაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში მონაცემების წარდგენიდან დაახლოებით ერთ თვეში გასცა. "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინა სრულადაა დამტკიცებული 16 წლის ზევით მოსახლეობაში.

"ფაიზერი" აცხადებს, რომ მონაცემებს ევროკავშირში ავტორიზაციის მიზნით, მალე წარუდგენს ევროპის მედიცინის სააგენტოს. ასევე იგეგმება მასშტაბური კვლევის შედეგების სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნება.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს "ფაიზერის" კოვიდ-19-ის ვაქცინის 2-დან 5 წლამდე ასაკის და 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდა. ამ უკანასკნელი ექსპერიმენტების თაობაზე კვლევების საბოლოო შედეგებს წლის მეოთხე კვარტალში ელოდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG