ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალ ზელანდიაში ტერორისტმა ექვსი ადამიანი დანით დაჭრა


ახალი ზელანდიის ხელისუფლება იმდენად იყო შეშფოთებული ე.წ. “ისლამურის სახელმწიფოს” მიერ შთაგონებული ექსტრემისტით, რომ მას 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და შეძლეს 60 წამის განმავლობაში მოეკლათ, როდესაც ის ოკლენდის სუპერმარკეტში ხალხს თავს დანით დაესხა და ექვსი ადამიანი დაჭრა.

პოლიციამ განაცხადა, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სამი დაჭრილი, ოკლენდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ერთი დაჭრილი სერიოზულ მდგომარეობაში იყო, დანარჩენი ორის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

პრემიერ-მინისტრმა ჯესინდა არდერნმა თქვა, რომ ინციდენტი ტერორისტული თავდასხმა იყო. თავდამსხმელი შრი-ლანკელი მამაკაცია, რომელიც დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ იყო შთაგონებული და ქვეყნის უსაფრთხოების სააგენტოებისთვის ის აქამდეც ცნობილი სუბიექტი იყო.

არდერნმა განაცხადა, რომ ამ პირის შესახებ ინფორმაცია მას პირადად ჰქონდა მიღებული, მაგრამ მისი დაკავებისთვის იურიდიული მიზეზი არ არსებობდა. პოლიციის კომისარმა ენდრიუ კოსტერმა თქვა, რომ პოლიციის მეთვალყურე ჯგუფი და სპეციალური ტაქტიკური ჯგუფი, ამ პირს გლენ ედენის გარეუბანში მდებარე მისი საცხოვრებლიდან ნიუ-ლინის სუპერმარკეტამდე გაჰყვა. კოსტერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირის გამო სერიოზული შეშფოთება არსებობდა, პოლიციას არ ჰქონდა კონკრეტული მიზეზი ეფიქრა, რომ ის პარასკევს თავდასხმას გეგმავდა.

თავდამსხმელი მაღაზიაში შევიდა, დანა იქვე აიღო და თვითმხილველების ჩვენებით, დაიყვირა “ალაჰუ აქბარ” და შემთხვევითი ადამიანებისთვის დანით ჭრილობების მიყენება დაიწყო. ადამიანები მას გაურბოდნენ და ყვიროდნენ.

პოლიციის კომისარმა თქვა, რომ პოლიციის მეთვალყურე ჯგუფი მასთან შეძლებისდაგვარად ახლოს იყო, რათა მის ქმედებებს დაკვირვებოდა. თავდასხმის დაწყების შემდეგ, ტაქტიკური ჯგუფის ორი პოლიციელი ვითარებაში სასწრაფოდ ჩაერთო. თავდამსხმელმა პოლიციელებს დანით შეუტია. ამის შემდეგ მას ესროლეს და მოკლეს.

პრემიერ-მინისტრმა არდერნის თქმით, “ეს ერთმა პიროვნებამ ჩაიდინა. არა სარწმუნოებამ, არა კულტურამ, არა ეროვნებამ, არამედ ერთმა პიროვნებამ, რომელიც ისეთი იდეოლოგიის ტყვეობაშია, რომელსაც აქ არავინ, ან არცერთი თემი მხარს არ უჭერს”.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალ ზელანდიაში ექსტრემისტული იდეოლოგია იშვიათია და ასეთი აქტიური მეთვალყურეობის ობიექტი ადამიანების მხოლოდ მცირე რიცხვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG