ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის პოლიტიკური ხელმძღვანელი შესაძლოა ქვეყნის მეთაურად დაინიშნოს


ორ კვირაზე მეტია, თალიბანის ლიდერები მსჯელობენ, თუ როგორ დააკომპლექტონ მთავრობა და როგორ გადაანაწილონ სამთავრობო პოზიციები საკუთარ ლიდერებს შორის. მსჯელობა გრძელდება, თუმცა "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, თალიბანმა მთავრობის ლიდერები ამ კვირის ბოლომდე უნდა წარადგინოს.

ქაბულში ამ დროისთვის თალიბანის ყველა ლიდერია შეკრებილი, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო ახლოვდება. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, თალიბანის მთავრობის მეთაური აბდულ ღანი ბარადარი იქნება. რომელიც ისლამისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ის ამ დროისთვის თალიბანის პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელია.

თალიბანის მთავრობაში "როიტერის" ცნობით, წამყვან თანამდებობებს ასევე დაიკავებენ "თალიბანის დამფუძნებლის, მილა ომარის შვილი, მოჰამედ იაქუბი და მოჰამედ აბას სტაზეკზაი.

ქაბულამდე მთავრობის დაკომპლექტების შესახებ თალიბანის წარმომადგენლები "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, კონსულტაციებს ყანდაარში მართავდნენ, ქალაქში, რომელიც მათ სამშობლოდ ითვლება. მათი მთავარი მიზანია, წარდგენილმა მთავრობამ როგორც ავღანეთში, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ნდობა დაიმსახუროს.

„მთავრობაში შესაძლოა იყოს 26-ზე მეტი წევრი და მოიცავდეს იმ პირებსაც, რომლებიც არ არიან „რაბარი შურას“ წევრები,“- ამბობს "ამერიკის ხმის" კითხვაზე თალიბანის პრესსპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი.

რაბარი შურა თალიბანის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა და მას ამერულ მომინენი, ახუნძადა, იგივე ერთგული ლიდერი, ხელმძღვანელობს.

თალიბანი ერთის მხრივ პირობას დებს, რომ მთავრობა ინკლუზიური იქნება, მეორეს მხრივ, კი მუჯაჰიდი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ძალაუფლების გაზიარება მათი პრიორიტეტი არ არის.

„არ არსებობს შეთანხმება არცერთ პოლიტიკურ ლიდერთან, რომ ისინი მთავრობის მუშაობაში ჩაერთონ. მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ მთავრობის დაკომპლექტების საკითხი სხვებთან გავიზიაროთ,“- ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს თალიბანის პრესსპიკერი.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, თალიბანი მთავრობის შემადგენლობას კვირის ბოლოსთვის დაასახელებს. საჯარო გამოსვლებში თალიბანის პრესსპიკერი ამბობს, რომ მათ მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობა ქვეყანაში ეკონომიკურ პრობლემებს მოაგვარებს და სტაბილურობას შექმნის.

ავღანეთში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, პროდუქტებზე ფასები იზრდება, ხოლო ეროვნული ვალუტა უფასურდება. ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ახლა უკვე სახმელეთო საზღვრებით ცდილობს გაქცევას, მას შემდეგ რაც 30 აგვისტოს ღამით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა ავღანეთი სრულად დატოვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG