ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელები ქვეყნიდან გაქცევას ახლა სახმელეთო საზღვრებიდან ცდილობენ


თუკი ამერიკის მიერ ავღანეთის დატოვების ბოლო დღეებამდე ქვეყნის დატოვების მსურველთა ნაკადი საერთაშორისო აეროპორტს აწყდებოდა, ახლა ისინი ავღანეთის საზღვრებისკენ გაემართნენ. ადმინისტრაციული მმართველობის ვაკუუმის პირობებში, ჰუმანიტარულ კრიზისზე შესაბამისი რეაგირება უცხოელ დონორებსაც უჭირთ. ამავე დროს, ზოგიერთი კერძო პირი ავღანეთიდან და თალიბანისგან გაქცევის მსურველებს ირანთან, პაკისტანთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან სახმელეთო საზღვრის გადაკვეთაში ეხმარება.

თალიბანის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ამერიკელთა მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ ბანკები, საავადმყოფოები და სამთავრობო უწყებები ღია იყოს და მუშაობდეს.

პაკისტანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უმთავრეს სასაზღვრო პუნქტს - ტორხამს მოქალაქეთა დიდი ნაკადი მიაწყდა და ისინი ავღანურ მხარეს გასასვლელის გახსნას ელოდებიან. ათასობით ავღანელია შეკრებილი ისლამ ქალას პოსტთან ირანის საზღვართანაც.

ამერიკის საევაკუაციო ძალისხმევის ფარგლებში ქვეყანა 123 000-ზე მეტმა ადამიანმა საჰაერო გზით მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყანაზე კონტროლი თალიბანმა დაამყარა. თუმცა, ათასობით ავღანელი კვლავ საფრთხეშია.

გერმანია აცხადებს, რომ 10-დან 40 ათასამდე ავღანელს, რომლებიც განვითარების სფეროში სხვადასხვა პროექტისთვის მუშაობდნენ, უნდა ჰქონდეს უფლება, გერმანიაში გაემგზავროს, თუკი ისინი საკუთარი უსაფრთხოების გამო შიშობენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა თქვა, რომ თალიბანი ქაბულის აეროპორტის სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ყატართან და თურქეთთან აწარმოებს, მაგრამ შეთანხმების მიღწევასა და შემუშავებას შესაძლოა კვირებიც კი დასჭირდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG