ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი ქაბულის აეროპორტს აკონტროლებს


ავღანეთის აეროპორტი ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა და მასზე კონტროლი 31 აგვისტოს, გათენებისას სრულად თალიბანის მებრძოლებმა დაამყარეს. აეროპორტში საზეიმო გასროლაც გაისმა.

თალიბანის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მებრძოლები აეროპორტში მას შემდეგ შედიან, რაც ამერიკის საჰაერო ძალების ხომალდი C-17 აფრინდა.


"ეს ისტორიული დღე და ისტორიული მომენტია", - თქვა თალიბანის პრეს-სპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც აეროპორტში ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდეგ გაიმართა. "ჩვენ ვამაყობთ ამ წუთებით და იმით, რომ ჩვენ ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყანა დიდი ძალის მქონე ქვეყნისგან", - თქვა მან.

პენტაგონის ერთ-ერთ ფოტოში, რომელიც ღამით ხედვის მოწყობილობითაა გადაღებული, ჩანს, როგორ ადის ბოლო საევაკუაციო თვითმფრინავში უკანასკნელი ამერიკელი ჯარისკაცი, გენერალ-მაიორი კრის დონაჰი, 82-ე დივიზიის მეთაური.

დღესვე, ამერიკის მოსახლეობისადმი სიტყვით მიმართვას გეგმავს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივ ომს 2 500-მდე ამერიკელი სამხედრო და 240 000-მდე ავღანელი ემსხვერპლა. მისი საერთო ხარჯი 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. თალიბანმა ომის დასაწყისში, ქვეყანაზე კონტროლი დაკარგა და წლების განმავლობაში ალ-ქაიდა ავღანეთს ტერორისტების რეკრუტირებისთვის ვეღარ იყენებდა.

თუმცა ახლა თალიბანს იმაზე მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე 2001 წელს ჰქონდა. თალიბანი ისლამური კანონების მკაცრი ინტერპრეტაციითაა ცნობილი და მათი ლიდერობით ავღანეთი 2001 წლამდე შესაბამისად იმართებოდა.

საერთაშორისო საზოგადოება ადამიანის უფლებების მდგომარეობის მომავალს ავღანეთში სკეპტიკურად უყურებს, განსაკუთრებით ბევრი შეშფოთება ისმის ქალების უფლებრივ მდგომარეობასთან და მათ მომავალთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG