ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალ "იდასგან" დაზარალებულებს მოუწოდებენ სახლში არ დაბრუნდნენ


სამხრეთ ლუიზიანის მოსახლეობას, ვისაც ქარიშხალ "იდას" გამო საცხოვრებელი ადგილებიდან ევაკუაცია მოუხდათ, აფრთხილებენ, რომ სახლში ჯერ ვერ დაბრუნდებიან. ადგილზე სამედიცინო დახმარების, სასმელი წყლისა და ელექტროობის არარსებობის გამო, ამ ადგილებში ყოფნა ახლა საშიშია.

სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ელექტრომომმარაგებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ აღდგენით სამუშაოებს შესაძლოა კვირები დასჭირდეს.

ქარიშხალის გამო 4 ადამიანი გარდაიცვალა, ათასობით კი სახლის გარეშე დარჩა. ქარიშხალ "იდას" დამანგრეველ შედეგებს 16 წლის წინ მოვარდნილ ქარიშხალ კატრინასაც ადარებენ. მაშინ სტიქიის შედეგად 1,800 ადამიანი გარდაიცვალა, ახალი ორლეანი კი მიწასთან იყო გასწორებული.

მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი შედარებით შესუსტდა, სპეციალისტების აზრით, ის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ამერიკის ამინდის ბიუროში აცხადებენ, რომ წვიმამ შესაძლოა შუა ატლანტიკის რეგიონიდან სამხრეთამდე "სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში" დატბორვა გამოიწვიოს.

ოფიციალური პირები ზარალის ზუსტ შეფასებას ვერ ახდენენ, ვინაიდან მოგლეჯილი ხეები გზების უმეტესობას კეტავს და გადაადგილება ამ რეგიონში თითქმის შეუძლებელია.

ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქალაქი ლოკპორტია, რომლის მოსახლეობაც 33,000-ს შეადგენს და დაახლოებით 80 კილომეტრითაა ახალი ორლეანიდან დაშორებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG