ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მტრებს ებრძვის


ბელარუსის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ის საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს და საკუთარი მოსახლეობის დაცვას ცდილობს - რამდენიმე დღის წინ ბელარუსმა საერთაშორისო ავიახაზების "რეინეარის" ბორტზე მყოფი ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავა.

"როგორც ვვარაუდობდით, ყველა ავისმსურველმა ჩვენი ქვეყნის გარეთ და შიგნით სახელმწიფოზე თავდასხმის მეთოდები შეცვალა", - ამბობს ლუკაშენკო. "მათ ბევრი წითელი ხაზი გადაკვეთეს და დაივიწყეს საღი აზრი და ადამიანური მორალი".

კვირას მომხდარი ინციდენტი ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და სხვა მთავრობებმა მალევე დაგმეს. გაეროს უშიშროების საბჭო ამ მდგომარეობაზე არაფორმალურ, დახურულ შეხვედრას ოთხშაბათს მართავს.

ლუკაშენკოს რეჟიმმა კვირას ავიახაზებ "რეინეარის" თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიემართებოდა და ბელარუსის ცაზე ქვეყნის ფარგლების დატოვებამდე რამდენიმე წუთიღა ჰქონდა დარჩენილი, მინსკში დაშვება აიძულა. სამართალდამცავებმა ბორტზე მყოფი ბლოგერი, რამან პრატაშევიჩი დააკავა. მას ბრალი აგვისტოს არჩევნების შემდეგ მასობრივი პროტესტების ორგანიზებაში ედება. ხელისუფლების მტკიცებით, აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის 80 %-მა მხარი ლუკაშენკოს დაუჭირა და მან მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი და დასავლური სახელმწიფოები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ხელისუფლებამ უკვე გაავრცელა დაკავებული 26 წლის ბლოგერისა და აქტივისტის აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ის ამბობს, რომ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებს აორგანიზებდა.

მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მინსკმა თვითმფრინავს ქვეყნის ფარგლებში დაშვება აიძულა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავიახაზები ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთის თავიდან აცილებას ცდილობენ. მათ შორის არიან "ლუფთანზა", "KLM", "SAS", Air France, LOT და სინგაპურის ავიახაზები. ბელარუსს თავადაც ელის ევროკავშირისგან შესაძლო შეზღუდვები და გამორიცხული არ არის ქვეყანაში შესვლა მხოლოდ რუსეთიდანღა დარჩეს შესაძლებელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG