ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: ჯერ არ დასტურდება, რომ რუსეთი დგას კიბერთავდასხმის უკან


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ პარასკევს ამერიკის "კოლონიალურ მილსადენზე" მომხდარი თავდასხმის უკან რუსეთი დგას. თუმცა აქვე ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლა და კავშირების დადგენაზე მუშაობა გრძელდება.

"ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაცით, ჯერ არ იკვეთება, რომ კიბერთავდასხმაში რუსეთი არის ჩართული,"- ამბობს ჯო ბაიდენი.

ჯო ბაიდენის განცხადებამდე გამოძიების პროცესის შესახებ თეთრ სახლში საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების პრესკონფერენცია გაიმართა, რომლებიც ამბობდნენ, რომ გამოძიებაში არაერთი სახელმწიფო სააგენტოა ჩართული და ისინი პრეზიდენტს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროში განმარტავენ, რომ კიბერთავდასხმის უკან, კრიმინალური დაჯგუფება "დარკსაიდი" დგას, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯგუფს კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციასთან. თუმცა, კიბერ-ექსპერტების აზრით კი "დარკსაიდი" რუსეთში ან აღმოსავლეთ ევროპაშია დაფუძნებული.

რამდენიმე საათის წინ ორგანიზებულმა ჯგუფმა "დარკსაიდმა" განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერია: "ჩვენი მიზანია ფულის შოვნა, ისე რომ პრობლემები არ შევუქმნათ საზოგადოებას".

რაც შეეხება თავად "კოლონიალურ მილსადენს" არსებული ინფორმაციით მილსადენი მუშაობას მიმდინარე კვირის ბოლოს განაახლებს. ამ დრომდე უცნობია, ზარალის ოდენობა, რომელიც კიბერთავდასხმის შემდეგ მილსადენის გაჩერებამ გამოიწვია.

თავად მილსადენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მოახერხა მცირე ქსელების აღდგენა, რომლებიც საწვავის ტერმინალებსა და მომხმარებელთა მიწოდების წერტილებს აერთიანებს. თუმცა მისი მთავარი ქსელი, რომელიც 8850 კილომეტრი სიგრძისაა, კვლავ დახურული რჩება.

მილსადენის ეს სისტემა, მთავარი არტერიაა, რომელიც ყოველდღიურად ყურის სანაპიროდან შუა-ატლანტიკურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებს 2.5 მილიონ ბარელ ბენზინს, დიზელსა და თვითმფრინავების საწვავს აწვდის.

პარასკევს მომხდარი კიბერთავდასხმის შემდეგ ამერიკაში საწვავზე მოთხოვნა გაზრდილია. მძღოლები ბენზინ-გასამართ სადგურებზე რიგებში დგანან საწვავის მოსამარაგებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG