ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში კიბერ-თავდასხმამ კრიტიკული საწვავის მილსადენის გათიშვა გამოიწვია


შეერთებული შტატების მთავრობა და ამერიკის წამყვანი საწვავის მილსადენის ოპერატორი ცდილობენ საწვავის ტრანსპორტირების სისტემის აღდგენას, მას შემდეგ რაც უკვე მეოთხე დღე კიბერ-თავდასხმის შედეგად აღმოსავლეთ სანაპიროზე საწვავის მიწოდების ნახევარი შეჩერებულია. თავდამსხმელები გამოსასყიდს ითხოვენ.

გასულ კვირას „კოლონიალ მილსადენზე“ მომხდარი თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმის სქემაა ისტორიაში. თავდასხმამ ინდუსტრიის პარალიზება და პანიკა გამოიწვია. შედეგად აღმოსავლეთ სანაპიროზე საწვავის ფასი უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა.

ამერიკელმა კანონმდებლებმა შეერთებული შტატების ენერგო ინფრასტრუქტურის დაცვისკენ მოუწოდეს და თეთრმა სახლმა საწვავის ტრანსპორტირების ქსელის აღდგენა მის პრიორიტეტად გამოაცხადა. ადმინისტრაციამ ფედერალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანიც მომხდარის შედეგების შეფასება და მომავალში მსგავსი თავდასხმის პრევენციაა.

მომხდარმა ასევე გაზარდა მოთხოვნა საწვავზე. მძღოლები ბენზინ-გასამართ სადგურებზე რიგებში დგანან საწვავის მოსამარაგებლად.

წყაროები საწვავის ინდუსტრიიდან აცხადებენ, რომ თავდასხმის უკან კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება „დარქსაიდია“ - ვეტერან ჰაკერთა ჯგუფი, რომელთა მიზანიც, რაც შეიძლება მაღალი გამოსასყიდის მიღებაა. თუმცა ასევე მიმდინარეობს საუბარი იმაზე, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ ჯგუფის უკან.

თავად მილსადენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მოახერხა მცირე ქსელების აღდგენა, რომლებიც საწვავის ტერმინალებსა და მომხმარებელთა მიწოდების წერტილებს აერთიანებს. თუმცა მისი მთავარი ქსელი, რომელიც 8850 კილომეტრი სიგრძისაა, კვლავ დახურული რჩება და ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება სისტემა.

მილსადენის ეს სისტემა, მთავარი არტერიაა, რომელიც ყოველდღიურად ყურის სანაპიროდან შუა-ატლანტიკურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებს 2.5 მილიონ ბარელ ბენზინს, დიზელსა და თვითმფრინავების საწვავს აწვდის.

ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ საგანგებო გზებზე, რათა მიწოდება არ შეწყდეს. მიმწოდებლებმა ასევე შეისყიდეს ბენზინის ექვსი ტანკერი ევროპიდან, თავდასხმის შედეგების შესამსუბუქებლად იმ შემთხვევაში, თუ შეფერხება გაგრძელდება.

ქსელი ასევე აწვდის საწვავს წამყვან აეროპორტებს ქვეყნის ამ ნაწილში, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ჰარტსფილ-ჯექსონის აეროპორტს ატლანტაში. აეროპორტს იმედი აქვს, რომ სისტემა იქამდე ამუშავდება, სანამ შეფერხება ფრენებზე იქონიებს გავლენას.

თუ სისტემის გათიშვა გაგრძელდება, მიმწოდებლებს მოუწევთ საწვავის სატვირთოებისა და რკინიგზის მეშვეობით გადაიტანონ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG