ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკაში მკვეთრი გაუმჯობესებაა


მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი კალიფორნიის შტატი, აშშ.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მკვეთრი გაუმჯობესება აღინიშნა. კვირას ამ თემაზე ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ჯეფრი ზეინცმა ისაუბრა, თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების ჯგუფის კოორდინატორმა.

ზეინცის თქმით, ქვეყანაში ახლა ვაქცინების "ყველა ამერიკელისთვის საკმარისი მარაგი აქვთ". ეს იმის მიუხედავად, რომ კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის ყოველდღიური მონაცემი შესამჩნევად შემცირდა. კვირის ბოლოს, 7-8 მაისს, შეერთებულ შტატებში დღეში 2.1 მილიონი აცრა ჩატარდა, რაც გასული თვის პიკთან შედარებით, 40%-ით ნაკლებია.

თეთრი სახლის ოფიციალური პირის განცხადებით, 18 წლის ზევით ამერიკელების 58%-ზე მეტს, უკვე ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული. ზეინცი აცხადებს, რომ ამერიკა სიტუაციის გაუმჯობესების გზაზეა, "უფრო უსაფრთხო ხდება და ნორმალურ ცხოვრებასაც თანდათან უახლოვდება".

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ 4 ივლისისთვის, როცა ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ეს მონაცემი 70%-ს მიაღწევს. იმის მიუხედავად, შესრულდება თუ არა ეს მიზანი, ამერიკა აგრძელებს კოვიდ-19-ზე ინტენსიურ აცრებს და საჭიროების შემთხვევაში, დაახლოებით 6 თვეში, მზად იქნება მესამე, დამატებითი აცრის ორგანიზებისთვის - ამბობს თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების ჯგუფის კოორდინატორი. მან ამერიკელებს "სი-ენ-ენის" ეთერით მეტი იმუნიზაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დღეისთვის 112.6 მილიონი ამერიკელი კოვიდ-19-ზე სრულად ვაქცინირებულია. მათი უმეტესობა "მოდერნას" ან "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინითაა აცრილი. პრობლემად რჩება ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერების პოზიცია, რომელთა უმეტესობა გამოკითხვებში ამბობს, რომ მასობრივ ვაქცინაციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

ექიმ ენტონი ფაუჩის თქმით, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უფროსი მრჩეველია და ქვეყანაში ინფექციურ დაავადებათა წამყვან ექსპერტად ითვლება, ამერიკაში დღეში საშუალოდ 43 000 ინფიცირების ახალი ფაქტი ფიქსირდება. ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა გასულ წელთან შედარებით, თუმცა "ეს მონაცემიც უნდა შევამციროთ" - თქვა მან "ეი-ბი-სისთან" ინტერვიუში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ამერიკა ინფიცირების და სიკვდილობის მაჩვენებლებით, კვლავ მსოფლიოს ლიდერად რჩება. დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვი 33.4 მილიონს აჭარბებს. კოვიდ-19-ის გართულებებით კი გარდაიცვალა 595 812 ამერიკელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG