ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინფიცირების კლების ფონზე, თეთრი სახლი ვაქცინაციას აძლიერებს


პარასკევს, კოვიდ-19-თან დაკავშირებით შექმნილ თეთრი სახლის საგანგებო ჯგუფის სხდომაზე ითქვა, რომ ფოკუსირება კვლავ მასობრივ ვაქცინაციაზე გაგრძელდება. ჯგუფი თანხმდება, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა 4 ივლისამდე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დასახული მიზანი - 160 მილიონი ამერიკელის სრულად იმუნიზაცია - შესრულდეს.

შეერთებულ შტატებში ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მონაცემები ვარდნას აგრძელებს. პარასკევს, ერთ დღეში, ინფიცირების 17 000-ზე ნაკლები ფაქტი აღირიცხა. კოვიდ-19-ის გართულებებით კი გარდაიცვალა 313 ადამიანი.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორის როშელ ვალენსკის თქმით, ბოლო ორ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მონაცემების ვარდნამ საშუალოდ 13% შეადგინა. იმავე პერიოდში ჰოსპიტალიზაციამ 8%-ით იკლო და სიკვდილობამ 4%-ით.

საგანგებო ჯგუფის კოორდინატორი ჯეფ ზიენცი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებულია 110 მილიონი ამერიკელი. მისი თქმით, მთავრობა ემზადება, რომ მალე გაიხსნას აცრის ისეთი ცენტრები, სადაც წინასწარი ჯავშანი საჭირო არ იქნება და ადამიანს შეეძლება პირდაპირ შევიდეს და აიცრას. უახლოეს მომავალში ამერიკაში 20 000-მდე ასეთი აფთიაქი იმუშავებს.

საგანგებო ვითარების მართვის ფედერალური სააგენტო დაიწყებს დიდი ცენტრებიდან ვაქცინების მცირე პუნქტებში დისტრიბუციას. როგორც ირკვევა, ასეთ ადგილებში იმუნიზაციაზე მოთხოვნა ახლა უფრო მეტია, ვიდრე მასობრივი აცრის ცენტრებში. თეთრი სახლის პანდემიის მართვის საგანგებო ჯგუფი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში, საოჯახო ექიმებს და პედიატრებსაც უნდა შეეძლოთ კოვიდ-19-ის ვაქცინის ადმინისტრაცია.

როშელ ვალენსკიმ ყურადღება გაამახვილა ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევაზე, რომელიც აღრიცხავს არამარტო კოვიდ-19-ის გართულებებით სიკვდილობას, არამედ პანდემიის დროს, ჯანდაცვაზე მიუწვდომლობის გამო გაზრდილ სიკვდილობის მაჩვენებლებს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ პანდემიის მსხვერპლი გლობალურად არა 3.2 მილიონია, არამედ სულ ცოტა, ორჯერ მეტი. მათი გაანგარიშებით, კოვიდ-19-ის გამო დედამიწაზე, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, 6.9 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

კვლევის მიხედვით, ამერიკაშიც პანდემიამ არა 580 000 ადამიანი იმსხვერპლა, არამედ 905 000-ზე მეტი. ვალენსკის თქმით, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი აქამდეც თვლიდა, რომ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, რადგან მათ ჯანდაცვის აუცილებელ მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ, ან რისკების გამო, თავად თქვეს უარი.

ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი ვაშინგტონის უნივერსიტეტის მონაცემებს ყურადღებით გადახედავენ და გადაწყვეტენ, ჩათვალონ თუ არა არაპირდაპირი მიზეზებით გარდაცვლილი ადამიანები კოვიდ-19-ის მსხვერპლად. ასეა თუ ისე, ეს ყოველივე კიდევ უფრო უსვამს ხაზს ვაქცინაციის საჭიროებას, თქვა მან პარასკევს გამართულ შეხვედრაზე.

ამერიკა ინდოეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:07 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG