ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დანიელსონი მედიაციის მეორე ტურის გასამართად თბილისში დაბრუნდება


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ კვირის ბოლოს ჩავა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.

საქართველოში ევროკავშირის საელჩოს ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები 29 მარტს განახლდება.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდში არის შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარეს ექნება გულწრფელი სურვილი, მისაღები შედეგისკენ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წინ, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მედიაციის პირველი რაუნდი იმედგამაცრუებელი იყო.

„როგორც ვიცით, რამდენიმე დღის წინ თავისი წარმომადგენლის, დანიელსონის მედიაციის პირველი რაუნდის შემდეგ, პრეზიდენტმა მიშელმა გამოაცხადა, რომ მას სურს დანიელსონი ისევ ჩამოვიდეს საქართველოში და ეს მოხდება საკმაოდ მალე. ჩვენ მისი ჩამოსვლის მოსამზადებელ ეტაპზე ვართ.

ვფიქრობ, საიდუმლო არ არის, თუ ვიტყვით, რომ მედიაციის პირველი რაუნდი იმედგამაცრუებელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, რასაც ევროკავშირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოსთვის, რათა ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა.

ეს არის ჭეშმარიტების დრო და დანიელსონი ჩამოვა და გამოვაცხადებთ მისი ვიზიტის ზუსტ გრაფიკს, როგორც კი დადგინდება. მაგრამ ნათელია, რომ ის აქ მოდის იმისთვის, რათა ნახოს, კვლავაც არის თუ არა შესაძლებლობა მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვისა. ახლა არის დრო, ვიფიქროთ ბევრი და გულმოდგინედ ყველა მხარის საწყის პოზიციებზე იმის საპოვნელად, რა შეიძლება იყოს ფართო შეთანხმების ნაწილი. მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს არის მისია და ახლა ჯერი პოლიტიკურ ლიდერებზეა. ახლა მათი ერთად დასხდომის დროა“, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. მისი თქმით, შარლ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმა რჩება მოლაპარაკებების საწყის ეტაპად.

შარლ მიშელსა და კრისტიან დანიელსონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დანიელსონის შუამავლობით საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწეს გარკვეულ შეთანხმებას ხუთიდან სამ საკითხზე: საარჩევნო რეფორმების, მართლმსაჯულების რეფორმებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაზე. მაგრამ არსებობს გადაუდებელი საჭიროება, რომ პროგრესი მიღწეული იქნას ორ ყველაზე უფრო სადავო - პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და მომავალი არჩევნების საკითხებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG