ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთის ქვეყნების უკმაყოფილება თურქეთით ღრმავდება


თურქეთის პრეზიდენტი - რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი - რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულება მზადდება. მისი თქმით, ამის მიზანი თურქეთის ძალაუფლების და გავლენის შემცირებაა საერთაშორისო არენაზე.

ერდოღანი ბოლო თვეებში, ისევე როგორც მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, ხშირად სდებს საგარეო მტრებს ბრალს თურქეთის ეკონომიკის დანგრევაში. უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები მცირდება. თურქული ლირის ღირებულება რეკორდულად დაეცა ევროსა და დოლართან შედარებით.

დასავლელი კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამის მიზეზი არა დასავლეთის ქმედებები, არამედ თავად ერდოღანის არასწორი პოლიტიკაა.

თუმცა, თურქი ლიდერები ევროპულ ქვეყნებს ბრალს სდებენ ანკარის გეოპოლიტიკური ამბიციებისათვის ძირის გამოთხრაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, სადაც თურქეთი საბერძნეთთან და კვიპროსთან საზღვაო დაპირისპირების ესკალაციას ახდენს, გაზისა და ნავთობის მოპოვებისთვის ბრძოლაში.

ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორისაა საფრანგეთიც, აქტიურად აკრიტიკებენ ნატოს მოკავშირე თურქეთს მისი როლისთვის ლიბიაში, მთიან ყარაბაღში თუ ჩრდილოეთ სირიაში.

ჯო ბაიდენი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2014 წელს
ჯო ბაიდენი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2014 წელს

„აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული უთანხმოების გაღვივებით, [თურქეთის] მთავრობა „დამპყრობლის“ ნარატივს ქმნის, ხშირად ახსენებენ 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემას, დღევანდელი სტამბოლის“, - ამბობს მარკ პიერინი, ევროპის "კარნეგის ფონდის" მკვლევარი, ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

უფრო და უფრო ღრმავდება შეშფოთება ნატოშიც, სადაც მოკავშირეები ერდოღანის საგარეო თავგადასავლებითა და ამბიციებით მეზობლების წინააღმდეგ, დაიღალნენ.

„თურქეთის პოლიტიკისა და ქმედებების ერთიანობა ახლა უკვე საშიშ წერტილამდე მივიდა“, - ამბობენ ჰედერ კონლი და რეიჩელ ელეჰუსი, "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან".

„[ერდოღანი] მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ნატოს ერთიანი თავდაცვითი პოზიციონირებისთვის ხმელთაშუა ზღვაში და პოლიტიკურ ერთიანობას ასუსტებს“, - აცხადებენ "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების" ცენტრში.

დიპლომატები და მიმომხილველები საუბრობენ იმაზე, რომ დასავლეთის დედაქალაქებში უკმაყოფილება მატულობს. დაძაბული ურთიერთობები, სავარაუდოდ, ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დაკავების შემდეგაც გაგრძელდება.

ერდოღანი ხშირად უპირისპირდებოდა დონალდ ტრამპს, თუმცა ვაშინგტონი ანკარასთან პირდაპირ უთანხმოებას ერიდებოდა. ორ ლიდერს ევროკავშირის მიმართ უკმაყოფილება აერთიანებს. თუმცა მომავალ წელს, ანკარა ახლა უკვე ნაკლებად დამთმობი ვაშინგტონის წინაშე აღმოჩნდება, ამბობენ ამერიკის დედაქალაქში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG