ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის თუ არა ფეისბუქი მზად ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?


ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 14 დღეა დარჩენილი. მას შემდეგ, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის ჩარევის საკითხი პოლიტიკური დისკუსიის და სკანდალების თემად იქცა, ეს არჩევნები, განსაკუთრებული დაკვირვებისა და განხილვის საგანი გახდა. ასევეა ყველაფერი, რასაც არჩევნებთან კავშირი აქვს, მათ შორის, სოციალური ქსელებიც.

2016 წლის არჩევნებში, "ფეისბუქი" ზოგიერთ შემთხვევაში, ერთგვარ იარაღად იქცა, ამომრჩევლის მანიპულაციისთვის. თუმცა, წელს, "ფეისბუქი" ამტკიცებს, რომ არჩევნებისთვის მზადაა და დეზინფორმაციის გავრცელებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის მცდელობის ფაქტები აღარ იქნება.

"ფეისბუქი" ამბობს, რომ კანონების გამკაცრებისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისთვის, მილიარდობით დოლარი დახარჯა და პროგრამა წარმატებით მუშაობს. თუმცა, კრიტიკოსებს, ისევე, როგორც ფეისბუქის ზოგიერთ თანამშრომელს, მიაჩნიათ, რომ კომპანია საკმარისს არ აკეთებს. მათი აზრით, სოციალური ქსელის ნაბიჯები ეფექტური არაა.

„ვარ თუ არა შეშფოთებული ამ არჩევნებით? ძალიან შეშინებული ვარ“, ამბობს როჯერ მაკნამი, სილიკონის ველზე დაფუძნებული მეწარმე და "ფეისბუქის" ერთ-ერთი ინვესტორი, რომელიც ამ ქსელის კრიტიკოსად იქცა. „კომპანიის ახლანდელი მასშტაბებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ არსებობს დემოკრატიისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები“.

კომპანიის რიტორიკა, ნამდვილად, შეიცვალა. მარკ ზაკერბერგის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები 2016 წლის არჩევნების დროს წარმოუდგენელი იქნებოდა. მაგალითად, ის საუბრობს შესაძლო სამოქალაქო არეულობაზე და პოტენციურად სადავო არჩევნებზე. ამ სიტუაციას კი პლატფორმამ, "ფეისბუქის" ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, სიტუაციის გაუარესებაში შეუწყოს ხელი.

„ამ არჩევნების დროს საქმე არ იქნება ისე, როგორც ეს ხდება ხოლმე“, დაწერა ზაკერბერგმა სექტემბერში. თავის პოსტში, ის საუბრობდა "ფეისბუქის" მცდელობაზე, რომ ხალხს მეტად მოუწოდოს ხმის მიცემისკენ და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ვარიანტებზე. „ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა დემოკრატიის დასაცავად“, წერდა კომპანიის დამფუძნებელი.

"ფეისბუქი" ერთადერთი სოციალური ქსელი არაა, რომელიც კონტენტის გავრცელების დროს პრობლემებს აწყდება. სხვა პლატფორმებიც, როგორებიცაა, მაგალითად "ტვიტერი" და "იუთუბი", ასევე დგანან დეზინფორმაციისა და სიძულვილის გავრცელების საფრთხის წინაშე. თუმცა, მათგან განსხვავებით, "ფეისბუქი" ბევრად უფრო მასშტაბურია და უფრო მეტ ადამიანს აერთიანებს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ 2016 წელს წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავებაში, "ფეისბუქი" სხვა სოციალურ პლატფორმებთან შედარებით ყველაზე ნელა მოქმედებდა.

2016 წელს, ნელი პასუხისა და რეაქციის გამო, "ფეისბუქმა" ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ ამ მხრივ პლატფორმა გაუმჯობესდებოდა. „არ მგონია, რომ ისინი უკეთესად ისმენენ კრიტიკას და რჩევებს“, ამბობს დევიდ კირკპატრიკი, "ფეისბუქის" შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი. „რაც შეიცვალა ისაა, რომ ახლა უფრო მეტი ადამიანი ეუბნება მათ [ფეისბუქის მენეჯმენტს], რომ რაღაც უნდა მოიმოქმედონ“.

კომპანიამ ცალკე კომპანიებისგან დაიქირავა ფაქტების გადამმოწმებელები, გაამკაცრა წესები და შემდეგ კიდევ უფრო მეტი აკრძალვები დააწესა პოლიტიკურ რეკლამებზე. გააუქმეს ათასობით ანგარიში, გვერდი და ჯგუფი, რომლებიც ჩართული იყვნენ „კოორდინირებულ არა ავთენტურ ქცევაში“.

პლატფორმაზე, ასევე, გამოჩნდა გამაფრთხილებელი ნიშნები ისეთ პოსტებზე, რომლებიც შესაძლოა, დეზინფორმაციას შეიცავდეს ხმის მიცემასთან დაკავშირებით. დროდადრო, სპეციალურ ზომებს იღებენ შეცდომაში შემყვანი პოსტების ცირკულაციის შესაწყვეტადაც. ბოლო კვირების განმავლობაში, "ფეისბუქმა" აკრძალა ისეთი შინაარსის მასალები, რომლებიც ჰოლოკოსტის არსებობას უარყოფენ და შეუერთდა "ტვიტერს" ჰანტერ ბაიდენის, ჯო ბაიდენის შვილის შესახებ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების აკრძალვაში.

ყველა ეს ნაბიჯი, იმაზე მიუთითებს, რომ "ფეისბუქი" იმაზე ბევრად უკეთესადაა მომზადებული, ვიდრე 4 წლის წინ იყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პლატფორმა სრულად მზადაა არჩევნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ წესები და აკრძალვები სულ უფრო იზრდება, ცოტა ხნის წინ, ძალადობრივმა ჯგუფებმა, მიჩიგანის გუბერნატორის გატაცების ოპერაცია, სწორედ ფეისბუქის საშუალებით დაგეგმა.

"ფეისბუქი" აცხადებს, რომ სერიოზულად უყურებს დეზინფორმაციის საფრთხეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე არჩევნებს ეხება.

„არჩევნები შეიცვალა 2016 წლის შემდეგ და შეიცვალა ფეისბუქიც“, ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა და რომელშიც არჩევნებისა და ხმის მიცემის შესახებ წესებზეა საუბარი. „ახლა მეტი ხალხი და უკეთესი ტექნოლოგიები გვაქვს, რათა დავიცვათ ჩვენი პლატფორმები. ჩვენ გავაუმჯობესეთ კონტეტთან დაკავშირებული წესები“.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, კრიტიკოსები მაინც თვლიან, რომ ქსელი არაა მზად იმ გამოწვევებისთვის, რომლებსაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში მოიტანს.

პლატფორმა კრიტიკას პოლიტიკოსებისა და ფედერალური მთავრობისგანაც უხვად იმსახურებს. ეს ივლისში, კონგრესში გამართულ მოსმენებზეც გამოჩნდა.

გამაფრთხილებელი ნიშები პოსტებზე არაა ღირებული, თუ ალგორითმები პლატფორმაზე ისეა ჩაშენებული, რომ ისინი მომხმარებლამდე მივიდეს და დამაპირსპირებელი ეფექტი შექმნან, თქვა პრამილა ჯაიაპალმა, წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთმა დემოკრატმა წევრმა. სწორედ მისგან დაიმსახურა, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეფასებები ზაკერბერგმა. „ვფიქრობ, ფეისბუქმა გააკეთა ზოგიერთი რამ მინიშნებებისთვის და იაზრებს თავის როლსაც. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ნაბიჯები მცირე და ძალიან დაგვიანებული იყო“, თქვა ჯაიაპალმა.

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. წელს პირველად, დაიწყო ფოსტით მასშტაბურად ხმის მიცემა. უკვე დაწყებულია ნაადრევი ხმის მიცემაც. წელს, საარჩევნო წესები კორონავირუსის პანდემიის გამო ზოგიერთ შტატში მნიშვნელოვნად შეიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG