ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კვლავ მომავალი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი აგრძელებს მოსახლეობაში ეჭვის დათესვას, მომავალი საყოველთაო არჩევნების სამართლიანობის მიმართ. დონალდ ტრამპი კვლავ იმეორებს, რომ ფოსტით ხმის მიცემა მის მასობრივ გაყალბებას გამოიწვევს.

წინასაარჩევნო შეხვედრებზე ის საკუთარ ამომრჩევლებს ამას ხშირად ეუბნება. ხუთშაბათს კი, ფლორიდის და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში გამგზავრებამდე, თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებსაც უთხრა: "გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდება და მე არ ვარ ამაში დარწმუნებული".

პრეზიდენტი ამბობს, რომ "ძალიან ბევრი ბიულეტენი იპოვეს მდინარეში", ბევრი ბიულეტენი, რომელზეც მისი სახელი ეწერა, "ნაგვის ურნაში გადაყარეს". მცირე რაოდენობის სამხედროთა ბიულეტენები მართლაც იპოვეს გადაყრილი პენსილვანიის შტატში და იქიდან შესასწავლად 9 ამოიღეს. 9-დან 7 ბიულეტენზე პრეზიდენტის სახელი ეწერა. საქმეს პენსილვანიის ერთ-ერთი უბნის გენერალური პროკურატურა იძიებს.

თუმცა, ისტორიულად შეერთებულ შტატებს არ ახსოვს "არცერთი სახის კოორდინირებული საყოველთაო არჩევნების მასობრივი გაყალბების მცდელობა, იქნება ეს ფოსტით ხმის მიცემა, თუ სხვა გზა" - განაცხადა ქრისტოფერ ურეიმ, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა. მას კითხვები კანონმდებლებმა ხუთშაბათს, შეერთებული შტატების სენატში გამართულ სხდომაზე დაუსვეს.

პანდემიის გამო, 2020 წლის 3 ნოემბერს, შეერთებულ შტატებში დაგეგმილი საყოველთაო არჩევნების მნიშვნელოვანი ნაწილი ფოსტით ხმის მიცემას ითვალისწინებს. ამერიკელები დაახლოებით 5 კვირაში ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს, კანონმდებლების ნაწილს და რიგ შემთხვევაში - ადგილობრივ მმართველებს.

ზოგ შტატში არჩევნები შერეული წესით იმართება, ამომრჩევლების ნაწილი ფიზიკურად მისცემს ხმას, ნაწილი კი - ფოსტით. ზოგიერთმა შტატმა შემდგომი ინფიცირების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტა ყველა ბიულეტენი ფოსტით დააგზავნოს. მათ შორისაა: კალიფორნია, კოლორადო, ჰავაი, ნევადა, ნიუ-ჯერსი, ორეგონი, იუტა, ვერმონტი და ვაშინგტონი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG