ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი - ბაიდენი: რა შეიძლება შეიცვალოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველოსთან მიმართებაში?


ამერიკა პრეზიდენტს, საქართველო კი პარლამენტს ირჩევს. ორივე არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი. "Ამერიკის ხმა" დაინტერესდა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოზე და არის, თუ არა შესაძლებელი, რომ ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვალოს?

ვაშინგტონში გამოცდილი დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველოსთან მიმართებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რადგან "ამერიკაში უთქმელი და დაუწერელი პირობაა- არ იცვლება საგარეო პოლიტიკა და მას არ აკრიტიკებენ ახალი პრეზიდენტები,"- ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი.

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალიან მყარია და ამ ურთიერთობებს ძალიან კარგი საფუძველი აქვს. ამერიკის არჩევნები უფრო კონცენტრირებულია შიდა საკითხებზე. საქართველოსა და ამერიკას შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სამხედრო კუთხითაც. ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად აფიქსირებს პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია "- ამბობს დიპლომატი იალოვიცი, რომელიც თვლის, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები არ შეიცვლება. თუმცა აქვე ამატებს:

კენეტ იალოვიცი - ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში
კენეტ იალოვიცი - ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში

"საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და ის მუდმივად ცდილობს წინსვლას. ამ დროისთვის, ბევრი პრობლემაა ამ კუთხით, რაზეც ამერიკელმა კონგრესმენებმა არაერთი წერილი გაუგზავნეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო წამოიწევს თუკი, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი ნაკლებ კონცენტრაციას აკეთებს ასეთ საკითხებზე, მაგრამ თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, საქართველოს უფრო მეტი კონცენტრაცია და მუშაობა დასჭირდება დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჯო ბაიდენისთვის ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამ საკითხებს დიდ ყურადღებას უთმობს,"- განაცხადა ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა "ამერიკის ხმასთან საუბრის დროს.

ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი კი ფიქრობს, რომ როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკა საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდება და არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება. დიპლომატი აქვე ამბობს, რომ საქართველოში შესაძლოა უახლოეს პერიოდში ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისი გაიხსნას.

კურტ ვოლკერი - ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში
კურტ ვოლკერი - ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში

"საინტერესოა ის ფაქტი, რომ საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს ძალიან ძლიერი გრძნობები აქვთ პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. ბევრი თვლის, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ არის ისეთი მეგობრული და დამხმარე პიროვნება, როგორც ამერიკის სხვა პრეზიდენტები იყვნენ. მაგრამ, თუ გადავხედავთ პოლიტიკას და პიროვნებებზე არ ვისაუბრებთ, მე ვფიქრობ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება. ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის დროს და ეს მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპის პირობებშიც გრძელდება. ამერიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის, ასევე მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს რეფორმების განხორციელებაში , მიუხედავად რუსეთიდან მომდინარე წინააღმდეგობებისა. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ გაგრძელდება და გაიზრდება - მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. თუ არჩეული იქნება პრეზიდენტი ტრამპი, ვფიქრობ გაგრძელდება არსებული პოლიტიკა და მხარდაჭერა გაძლიერდება, სამხედრო წვრთნების და პირდაპირი ინვესტიციების კუთხითაც. ამავე დროს, თუ ამერიკელი ხალხი პრეზიდენტად აირჩევს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს, ვერ ვხედავ ვერანაირ შანსს იმისას, რომ საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერა შემცირდეს,"- ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას დიპლომატი ვოლკერი.

დევიდ კრამერი, რომელიც ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორია, ამბობს, რომ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსადმი ყურადღებას დეტალები აკლდა:

“ტრამპის ადამინისტრაციამ საქართველოსთან ურთიერთობა კარგად დაიწყო. 2017 წელს საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდა. მაგრამ, მას შემდეგ ამერიკას 2 წელი დასჭირდა იმისათვის , რომ საქართველოში ახალი ელჩი გაეგზავნა. კელი დეგნანი, რომელიც ახლა ამერიკის ელჩია საქართველოში, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მან მხოლოდ ამ წლის დასაწყისში დაიწყო მუშაობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელჩის ყოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტული ქვეყანა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი,"- ამბობს დევიდ კრამერი.

კრამერმა "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს ისაუბრა იმის შესახებაც, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოსთვის, თუ ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპი ან ჯო ბაიდენი გაიმარჯვებენ.

"მე ვფიქრობ, თუ ტრამპის ხელახლა არჩევა მოხდება, შესაძლოა ამან გარკვეული პრობლემები წარმოშვას ევროპასთან ურთიერთობაში. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები არ არის კარგ ფორმაში. პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ შესაძლებელია ამერიკამ ნატო დატოვოს, რაც ჩემი აზრით კატასტროფა იქნება. ეს კი ვფიქრობ, რომ დიდი პრობლემა იქნება საქართველოსთვის. ქვეყანა არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ის მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ. მაშინაც კი, თუ პრეზიდენტი ტრამპი ვერ შეძლებს ოფიციალურად გაიყვანოს ამერიკა გაერთიანებიდან, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ საუბარი გასვლის სურვილის შესახებ, ნატოს დასრულებას ნიშნავს, რა თქმა უნდა ჩემი აზრით. თუ მოიგებს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი? მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან უწყობს ხელს ნატოს, ის აცნობიერებს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოსწორების მნიშვნელობას. ასე რომ, მე ვხედავ მნიშვნელოვან განსხვავებას ამ ორ კანდიდატს შორის, მაგრამ არ ვამბობ იმას, თუ რომელი იქნება უკეთესი. საქართველოში უნდა იცოდნენ, რომ მიუხედავად გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატისა, ურთიერთობები მყარად გაგრძელდება. უფრო მეტიც, საქართველოს აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ამას ადასტურებს ბოლოს მიღებული რეზოლუციები და გამოჩენილი ყურადღება,"- აცხადებს ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ კრამერი.

გამოცდილი დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება. მათ მიაჩნიათ, რომ ახლა ქვეყნის წინაშე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც ქვეყანამ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ეს, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და დასავლეთი ძალიან ახლოდან აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება ამერიკა კი პრეზიდენტს 2020 წლის 3 ნოემბერს აირჩევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG