ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ციხეში საპროტესტო აქციების მონაწილე გარდაიცვალა


ირანელი პარლამენტარები იუწყებიან, რომ თეირანის ციხეში 22 წლის მამაკაცი დემონსტრანტი გარდაიცვალა, რომელიც ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს დააკავეს. პატიმრობაში მყოფი დემონსტრანტის გარდაცვალების ფაქტი ამძაფრებს შიშს მათი უსაფრთხოების შესახებ, ვინც ირანის ქალაქებში უკვე ორ კვირაზე მეტია აქციებში მონაწილეობს.

პარლამენტის რეფორმისტი წევრის - მაჰმუდ სადეგის ცნობით, როგორც მას უთხრეს, დაკავებულმა სინა ღანბარიმ ციხეში თავი მოიკლა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს პირველი მომიტინგეა, რომელიც ციხეში ყოფნისას გარდაიცვალა.

ირანის სამართალდამცავებმა დემონსტრაციების დარბევისას აქციების ათასზე მეტი მონაწილე დააკავეს. შეტაკებებისას, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა.

სადეგი გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით გამოდის. მისი თქმით, მთავრობა იგივე მეთოდებით უსწორდება დაკავებულებს, როგორც ეს 2009 წლის საპორტესტო აქციებისას მოხდა.

ნიუ-იორკში ბაზირებული ირანის ადამიანის უფლებების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ჰადი ღაემი ამბობს, რომ ღანბარის სიკვდილი იმის მაგალითია თუ რამდენად დაუცველნი არიან პატიმრები ირანში.

„ადამიანის პატიმრობაში ყოფნისას მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაცია და დარაჯები აგებს. შემზარავია იმის გაგება, რომ ირანის მთავრობამ, კიდევ ერთხელ, ვერ მოახერხა დაეცვა დაკავებულის სიცოცხლე“, ამბობს ღაემი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ირანის საპატიმროებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მიღებული პრაქტიკაა. „ზოგიერთისთვის ამის ატანა შეუძლებელი ხდება“, დასძენს ის.

ციხეებში პატიმრების წამებაზე ინფორმაცია 2009 წელსაც ვრცელდებოდა, როცა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული დემონსტრაციების დასაშლელად მთავრობამ ძალა გამოიყენა. მთავრობამ მაშინ აღიარა, რომ საპატიმროებში ცემის შედეგად 3 დაკავებული დაიღუპა.

2009 წლისგან განსხვავებით, ახლა ირანის სათავეში უფრო ზომიერი ჰასან როჰანის მთავრობაა, თუმცა მმართველი სისტემის სტრუქტურა არ შეცვლილა, ამბობს ალექს ვატანკა, ვაშინგტონში მდებარე ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრიდან.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი, რადგან „არც ქვეყნის უშიშროების სამსახურები, არც სასამართლო სისტემა და არც სამართალდამცავები პრეზიდენტს არ ემორჩილება.“

ირანის ყველა სასულიერო და საჯარო უწყება პირდაპირ ანგარიშვალდებულია არა პრეზიდენტთან, არამედ ქვეყნის უმაღლეს ლიდერთან აიათოლა ხამენეისთან, რომელსაც ეს პოსტი 1989 წლიდან უჭირავს.

ზომიერებით გამორჩეული როჰანი აქციების თემასაც რბილად გამოეხმაურა. მან ყურადღება თაობებს შორის სხვაობებზე გაამახვილა. „მომავალ თაობას ჩვენი ცხოვრების სტილს ვერ დავაძალებთ. ჩვენ გვინდა მომდევნო თაობებმა ისე იცხოვრონ, როგორც ჩვენ გვსურს,“ განაცხადა მან.

ორი კვირის წინ პროტესტი სურსათზე ფასების მატების შემდეგ დაიწყო.

როჰანიმ პროტესტის ეკონომიკურ ასპექტზეც ისაუბრა: „ზოგიერთს სჯერა, რომ ხალხს მხოლოდ ფული ჭირდება, მაგრამ იქნება კი მხოლოდ ფული საკმარისი თუკი სრულად იქნება აკრძალული ინტერნეტზე წვდომა, ან შეზღუდული იქნება გადაადგილება ან გამოხატვის უფლება,“ თქვა ირანის პრეზიდენტმა.

დამკვირვებლების შეფასებით, ირანში საპროტესტო მუხტი შენელდა, თუმცა ზოგიერთისთვის ღანბარის ციხეში სიკვდილი ძალადობის დასაწყისია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG