ვენაში შეკრებილ დიპლომატთა ყურადღების ცენტრში ამჯერად ლიბია, მისი ახალი მთავრობა და უსაფრთხოების პრობლემები მოექცა. 2011 წელს ქვეყნის ყოფილი ლიდერის, მოამარ კადაფის ჩამოგდების და მოკვლის შემდეგ ლიბიაში ქაოსი და ძალადობა გრძელდება.
ავსტრიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრებს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილიონი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მასპინძლობენ. ისინი ლიბიაში დაპირისპირებული მხარეების შერიგებას და ახალი, ე.წ. „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ ხელშეწყობას ცდილობენ, რომელსაც მხარს საერთაშორისო საზოგადოება უჭერს. ახალ ხელისუფლებას დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებული მეომრებიც ემუქრებიან, რომლებიც ცენტრალურ ქალაქ სირტეში არიან დაბანაკებული.