ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვილნიუსი რუსული პროპაგანდის ქსელში


რუსულ პროპაგანდა ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც აშინებთ. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ლიტვაში რუსული მედია პროპაგანდა მკვეთრად გაძლიერდა. რას ეყრდნობა ლიტველი ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლების არგუმენტები ამ მიმართულებით?

რუსული ინტერვენციის საფრთხეს, საქართველოსა და უკრაინის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც ხედავენ და ინტენსიურად ეძებენ ყოველგვარი მოულოდნელობისგან თავის დაცვის გზებს. პრევენციის ერთ–ერთ საშუალებას ლიტვაში რუსული პროპაგანდისთვის მედგარი წინააღმდეგობის კამპანიაში ხედავენ. ამ სულისკვეთებას იზიარებს როგორც ლიტვური მედია, ისე ხელისუფლება. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ლიტვაში რუსული მედია პროპაგანდა მკვეთრად გაძლიერდა. ის საზოგადოების რუსულენოვან სეგმენტზე მუშაობს და ამით, როგორც მედია და ხელისუფლება ფიქრობს, ამზადებს ნიადაგს ან რეალური საფრთხის შესაქმნელად, ან სულ მცირე, მუქარის ორგანიზებისთვის მაინც.

ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების გამოშვების დირექტორი აუდრუს მატონისი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „რასაც რუსულ არხებზე აკეთებენ ამას არანაირად არ შეიძლება ეწოდოს ჟურნალისტიკა. ესაა სიცრუე, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, ნაციონალური შუღლის გაღვივება და ომის გაჩაღება. მშვიდობიანი სამყარო აღმოჩნდა რთული ამოცანის წინაშე: როგორ ვიცხოვროთ ამ რეალობასთან ერთად, როგორ ვიმუშაოთ მასთან და როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა. ერთის მხრივ თუ ვითამაშებთ მათი წესებით, ეს ნიშნავს გავხდეთ ისეთები, როგორიც ისინი: არაპროფესიონალები და პროპაგანდისტები. მეორეს მხრივ კი, თუ დაიყწყებ ყველა მათი სიცრუის გამოაშკარავებას და გაბათილებას ნაბიჯ–ნაბიჯ, არ გეყოფა არც რესურსი, არც ენერგია და არც დრო. რუსული სიყალბე იწარმოება ათასობით და ათიათასობით. მთელი დემოკრატიული სამყარო შეშფოთებული იყო, როდესაც პუტინის რუსეთმა დაიწყო ამგვარი უპრეცენდენტო პროპაგანდა. რუსული პროპაგანდისტები მუშაობენ აბსოლუტურად ყველა წესის დარღვევით. ისინი იტყუებიან და არც კი წითლდებიან, ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას და ზოგჯერ არც კი მალავენ ამას, უხერხულადაც არ გრძნობენ თავს.“

ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების ლექტორი ნერუს მალუკევიუსი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს: „მე ვიტყოდი, რომ პუტინი არა მხოლოდ დიდი პროპაგანდისტია, არამედ ალუზიურად თვითონაა ყველაზე დიდი ტროლი. რას აკეთებს ის? ის რეალობის ტროლირებას ახდენს. ჩემი პირველი მაგალითია ბოინგის ისტორია. არსებობს ამ ისტორიის შესწავლის სხვადასხვა მეთოდი, ჟურნალისტიკაც იგულისხმება აქ, კრიმინალისტიკაც და ბოლოსდაბოლოს ეს კომისიაც, რომელიც წარსდგა მოხსენებით. მაგრამ უცებ გამოდის პუტინი საკუთარი სახელმწიფო არხებით და ვერსიებით, რომლებიც უბრალოდ რეალობის ტროლირებას ახდენს. ამბობენ, რომ შესაძლოა ჩამოეგდოთ ეს უკრაინულ ვერტმფრენებს, ან საერთოდ იქნებ გარდაცვლილი ადამიანები იმყოფებოდნენ თვითმფრინავში და სხვა და შემდეგ ეს ვერსიები ექცევა განხილვის არეალში. სწორედ ესაა რეალობის ტროლირება“.

ინტერნეტ პორტალი „დელფი“ ლიტვაში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი ონ–ლაინ მედია საშუალებაა. უკანასკნელ პერიოდში ლიტვურ რედაქციას ახალი, რუსული რედაქცია დაუმატეს. ლიტვური და რუსული მედია პროდუქცია „დელფიში“ ერთმანეთს არ იმეორებს. ამერიკის ხმასთან საუბრისას რუსული რედაქციის ხელმძღვანელმა ოლეგ ეროფეევამ თქვა, რომ ამგვარი ხერხით ლიტვური გამოცემა რუსულენოვანი მოსახლეობის დაფარვას ცდილობს. სწორედ ეს სეგმენტია რუსული პროპაგანდის მთავარი სამიზნე. „დელფის“ ინფორმაცია წარმოადგენს ერთგვარ ალტერნატიულ წყაროს რუსულენოვანი ლიტველებისთვის. „ალბათ, თქვენც შეგხვედრიათ ისეთი მითები და სტერეოტიპები, როგორიცაა ქვეყნის ხალხისგან დაცლის თემა. მიგრაციას ადგილი რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ როდესაც ეს საკითხი მედიაში განიხილება კონტექსტში, რომლის მიხედვით ხალხი ქვეყანაში აღარ დარჩება და ყველას მოუწევს საზღვარგარეთ წასვლა, უხეშად რომ ვთქვათ, ევროპელებისთვის უნიტაზის საწმენდად, აქ უკვე მიზანმიმართულ პროპაგანდას აქვს ადგილი. სწორედ ამას აკეთებს რუსული მედია. ზოგჯერ ეს შემოთავაზებულია, როგორც გარკვეული ანალიტიკური მასალა. რთულია დასახელდეს რუსული პროპაგანდის გამტარებელი მედიის ფინანსირების კონკრეტული წყაროები, რაღა თქმა უნდა, თავად არ მიუთითებენ საიდან იღებენ თანხებს, მაგრამ მათი მასალების თემატიკიდან გამომდინარე, მით უმეტეს თუ შევადარებთ მათ შინაარსს სხვა, რუსეთში არსებული და სახელმწიფოსგან დაფინანსებული მედია საშუალებების პროდუქტს, შესაძლებელია მიხვედრა ან დასკვნის გამოტანა, არის ეს პროპაგანდა, თუ არა. თუ მსგავსება ბევრია და მეორდება დეტალები, სავარაუდოა, რომ მათი წყარო ერთი და იგივეა.“

ლიტვაში რუსულენოვანი მოსახლეობა 14 პროცენტს არ აჭარბებს, თუმცა რუსული კანონმდებლობის ნორმა, რომლის მიხედვითაც ამ სეგმენტის დაცვა რუსეთის ფედერაციის ვალდებულებას წარმოადგენს, ნებისმიერი ქვეტყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შიშისთვის საკმარის საფუძველს ქმნის.

XS
SM
MD
LG