ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რელიგიური სეპარატიზმი


საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხი დაისვა

17-18 სექტემბერს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, აფხაზეთის ეპარქიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები არიან მიწვეულნი.

როგორც ცნობილია, აფხაზი სასულიერო პირთა ნაწილი სხვადასხვა ეკლესიის, კერძოდ, კონსტანტინოპოლის და რუსეთის საპატრიარქოების წინაშე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხს აყენებს.

იგივე სასულიერო პირები მიზანმიმართულად ამახინჯებენ ისტორიულ სიმართლეს, ბოლო წლებში აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, - ამბობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი გია გვაზავა:

„მოგეხსენებათ, ზარბაზნების სიჩუმე არ ნიშნავს ომის დამთავრებას. მიდის ძალიან მძლავრი იდეოლოგიური ომი ჩვენი ჩრდილო მეზობლის მიერ მოხვეული. ეს ომი თავისი შედეგებით შეიძლება უფრო მძიმე იყოს, ვიდრე ფიზიკური ომი. რადგან ისინი დღეს ცდილობენ საქართველოს სულიერებას გამოგლიჯონ აფხაზეთის ეპარქია, ვითომ აფხაზეთის საეპისკოპოსოს სახელით, რომელიც თურმე მე-9 საუკუნემდე ექვემდებარებოდა ბიზანტიას და დღეს თურმე უნდა დაექვემდებაროს კონსტანტინოპოლს. ეს სრული გაყალბებაა, იმიტომ რომ ვინც ოდნავ ჩახედულია ისტორიაში, ძალიან კარგად იცის, როგორ ხდებოდა ეს. თუნდაც ის, რომ თავის დროზე სწორედ აფხაზეთი გამოეყო ბიზანტიას და როგორც საეკლესიო, ასევე საერო ენად შემოიღო ქართული, ამ ფაქტს სად გაექცევიან?! ეს იყო მაშინ დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსო.

ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე მღვდელმსახური მოსკოვმა გააგზავნა კონსტანტინოპოლში -- იგივე ტბარი, იგივე სარსანია, ამბარი, რომლებიც დღეს აყენებენ ამ საკითხს. ამიტომ, ჩვენ რომ გავიგეთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მიემგზავრება მსოფლიო პატრიარქთან, ჩვენი ხმა მივაწვდინეთ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს, რომ დაიცვას 300 ათასზე მეტი დევნილი მართლმადიდებელი მრევლის ინტერესები. რა თქმა უნდა, ეს ასე მოხდება! ასევე, მივმართავთ თვითონ ბართლომე პირველს. მან უნდა დაიცვას კანონიკა, როგორც მსოფლიოში მართლმადიდებლობის პირველმა პირმა. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ იგი ყველაფერში გაერკვევა და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.”

თბილისში, სოხუმის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში შეიკრიბა აფხაზეთის საზოგადოების მრავალრიცხოვანი საზოგადოება, რომელმაც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფასთან დაკავშირებით სეპარატისტთა მცდელობა გააპროტესტა და მსოფლიო პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს კონსტანტინოპოლისა და ახლისა რომისა ბართლომე პირველს მიმართვა გაუგზავნა, სადაც მათ შორის ნათქვამია:

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არ არის მხოლოდ აფხაზეთიდან იძულებით დევნილთა პოზიცია. აფხაზეთში ამჟამად მცხოვრები მართლმადიდებელი მკვიდრი მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა მთლიანად იზიარებს და უერთდება ჩვენს მოთხოვნას და აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფას საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან დაუშვებლად მიიჩნევს.”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ბარამია ამბობს:

„ეს არის მთელი აფხაზეთის საზოგადოების პრინციპული პოზიცია, ჩვენი პოზიცია ემთხვევა, რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას, რამეთუ აფხაზეთის ეპარქია, ოდითგანვე, ყოველთვის იყო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შემადგენელი ნაწილი. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა აფხაზი ე.წ. სასულიერო პირების მხრიდან, რომელთა უკან გასაგებია ვინ დგას და ვის მიერ არის ეს ყველაფერი დაგეგმილი, რამეთუ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან შეხვედრა ვიღაც სასულიერო პირებს ხელშეწყობა რომ არ ჰქონდეთ, მგონი შეუძლებელია. ამიტომ ეს არის უბრალოდ მცდელობა - ისეთივე მცდელობა, როგორც საქართველოს ძირძველი ტერიტორიის, აფხაზეთის გამოყოფა უნდათ ჩვენს მტრებს, იგივე გრძელდება რელიგიური განხრით. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც გამოიხატა მიმართვაში. ერთი მიმართვის ადრესატი არის მსოფლიო პატრიარქი და მეორე საქართველოს პატრიარქი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დელეგაციას, რომელიც უახლოეს დღეებში კონსტანტინოპოლში მიემგზავრება, სადაც ეს საკითხი იქნება განხილული. სამწუხაროდ, რელიგიური სეპარატიზმის სუნი სცემს ამას და ეს არის იმ კულტურული გენოციდის გაგრძელება, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ადგილობრივ მარიონეტულ რეჟიმთან ერთად ახორციელებს აფხაზეთში. ეს შეეხება იგივე ეკლესია-მონასტრების ხელყოფას, ქართული ფრესკების და წარწერების წაშლას - ეგრეთ წოდებული „რესტავრაციის” მოტივით განადგურებას.”

საქართველოს დელეგაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე უხელმძღვანელებს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG