ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას არ შეეგუება


რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი აგვისტოს ომის დროს გეგმის თანახმად მოქმედებდა, გეგმა კი ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე იყო მომზადებული

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:23 0:00
ბმული
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში აგრძელებს რევანშისტული აზრების გამოთქმას: ''2008 წლის მოვლენების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებმა თბილისში ნამდვილი ისტერია გამოიწვია. ამგვარი რეაქცია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თბილისში ჯერ კიდევ ვერ შეეგუენ აგვისტოს დანაშაულებრივი ავანტურის ჩაშლას და აგრძელებენ რევანშისტული აზრების გამოთქმას აფხაზი და ოსი ხალხის მისამართით”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა აგვისტოს ომიდან 4 წლის თავზე განაცხადა, რომ რუსეთი აგვისტოს ომის დროს გეგმის თანახმად მოქმედებდა, გეგმა კი ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე იყო მომზადებული.

”ექსპერტთა კლუბის” წევრი ირაკლი ცქიტიშვილი რუსეთის საგარეო უწყბების განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს:

” რაც შეეხება რუსეთის საგარეო სამინისტროს, მადლობაც უნდა ვუთხრა მას, რომ მათ აღიარებენ, რომ საქართველო არ ეგუება თავისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეგუებით ამ დარღვევას, საქართველომ არა ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ომს ტეროტორიების დასაბრუნებლად. რუსეთს ამ შემთხვევაში სჭირდება, ვითომ დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას ქართული მხარის რაღაც მილიტარისტული განწყობები . რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ემსახურება რუსული პოლიტიკის გამართლებას, ამ რეგიონებშია განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალები, ეს ემსახურება იმას, რომ გაამართლოს ის, რაც მოხდა 2008 წელს და ყველაზე საინტერესოა ,რაც ამის მიღმა არის. პუტინის და მედვედევის ეს განცხადებები, რომელიც ერთმანეთს აბსოლუტურად არ ემთხვევა, ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა ორივე მათგანი აღიარებს, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა საქართველოში შემოჭრას, ამზადებდა ამ პროცესებისთვის ოს ბოევიკებს ... ეს ყველაფერი არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა”.

როგორ ცხოვრობს აღიარებიდან 4 წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის მოსახლეობა? - ექსპერტთა კლუბის წევრი გიორგი წიკლაური ამბობს :

” ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზე პრინციპში ბევრი არაფერი სალაპარაკო არ არის, იმიტომ რომ მათი მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, ამას თვითონაც არ მალავენ. ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა მონაცემებით დარჩენილია სულ 20-30 ათასი ადამიანი."

ომამდე რამდენი იყო?

"ომამდე 60 ათასამდე აღწევდა მოსახლეობა, ახლა ნახევარიც არ არის იმ რიცხვისა, რაც იყო ომამდე. ყველა, ვისაც საშუალება ჰქონდა სადმე, თუნდაც ვლადიკავკაზში წასულიყო, ყველა გავიდა. ცხინვალი 4 წლის შემდეგ გახდა ადგილი, სადაც ცხოვრება შეუძლებელია. ყველაფერი გადათხრილია , დანგრეული. დაიწყეს თავის დროზე რუსეთის მილიარდებით კაპიტალური რემონტი, რემონტი დამთავრდა იმით, რომ ყველაფერი გადათხარეს და დაანგრიეს და არც არაფერი გაკეთებულა. ერთადერთი, რაც იქ გაკეთდა, აშენდა, რაც ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენს, ეს არის ე.წ. რუსეთის საელჩო. მეტი არაფერი."

რა მდგომარეობაა აფხაზეთში ?

"აფხაზეთში ცხოვრების დონემ ცოტა აიწია, ნაწილობრივ იმის ხარჯზე, რომ იქ რუსეთის დახმარება, მილიარდები, რომელიც ცხინვალში ძალიან ვიწრო წრემ ჩაიდო ჯიბეში (კოკოითიმ და მისმა გარმოცვამ რუს ჩინოვნიკებთან ერთად).. აფხაზეთში ფულს ,რა თქმა უნდა, იპარავენ, ფლანგავენ, კორუფცია მძვინვარებს, მაგრამ ეს , ასე ვთქვათ, უფრო ფართე წრეში ვრცელდება , რაც ასახვას ცხოვების დონეზე პოულობს. ასე რომ, აფხაზეთში ცხოვრების დონე ცოტათი გაუმჯობესდა, მაგრამ აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული უკმაყოფილება იმ ვითარებით, რომელიც იქ დამკვიდრდა. ანუ, აფხაზური ე.წ. ელიტა, მათი ხელმძღვანელობა როგორც ნარკომანია შემჯდარი წამალზე, ისეა შიმჯდარი რუსულ დოტაციებზე. ყველა არის გადასული ფულის კეთებაზე. და ის დამოუკიდებლობის შეგრძნება, რაც აფხაზებს გააჩნდათ, ხედავენ, რომ ახლა ამის ილუზიაც იკარგება . იმიტომ რომ რუსეთი პირდაპირ გადავიდა აფხაზეთის შესყიდვაზე. მაგალითად, მოსკოვმა 3 მილიარდი მისცა სოხუმს რკინიგზის რემონტში. ეს ფული ისე გაქრა, კაციშვილმა არ იცის, რაში დაიხარჯა. ყველაზე საინტრესოა, რომ საქართველოს რკინიგზის აფზახური მონაკვეთი რუსული კომპანიის მმართველობაშია გადაცემული.რუსეთის რკინიგზა ხელმძვანელობს ახლა მას, დაეპატრონა. ე.ი.შეიქმნა ანეკდოტური სიტუაცია: რუსეთმა გამოუყო აფხაზეთს 3 მილიარდი იმისთვის, რომ რუსულივე კომპანიამ გაფლანგოს ეს ფული რემონტის სახით, თავის თავს მისცეს კრედიტი, რომლის დაბრუნება ახლა ევალებათ აფხაზებს. ანუ, რუსეთი ვითომ ეხმარება, მაგრამ სინამდვილეში ეს ფული რუსეთს უკანვე უბრუნდება. თუ არ მისცემს ფულს აფხაზეთი, რკინიგზა ავტომატურად რუსეთის საკუთრებაში გადადის”.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG