ავსტრალიის საზღვრები სრულად გაიხსნა

პანდემიიდან თიითქმის ორი წლის თავზე, ავსტრალიამ მოგზაურობაზე შეზღუდვები გააუქმა და საზღვრები სრულად გახსნა. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა.

მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, სულ ქვეყანაში 50-ზე მეტი საერთაშორისო რეისი ჩავიდა, მათგან 27 თვითმფრინავი კი სიდნეიში დაეშვა. მიღებული გადაწყვეტილება ავსტრალიის ტურიზმის სფეროს ხანგრძლივი შეზღუდვებისა და კრიზისის შემდეგ „ამოსუნთქვის“ საშუალებას მისცემს.

„ეს ძალიან ამაღელვებელი დღეა, რომელსაც დიდი ხანია ველოდი. იმ დღიდან, როცა საზღვრის ჩაკეტვის გადწყვეტილება მივიღეთ, პანდემიის დაწყებიდან მალევე,“- თქვა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა.

ასევე ნახეთ: აშშ-ში პანდემიის განმავლობაში მკვლელობები 30%-ით გაიზარდა

ტურიზმი ავსტრალიის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა, რომლის ღირებულება 60 მილიარდ ავსტრალიურ დოლარზე მეტია (43 მილიარდი ამერიკული დოლარი) და დასაქმებულია ქვეყნის სამუშაო ძალის 5 პროცენტი. თუმცა, პანდემიურმა ვითარებამ და შეზღუდვებმა ეს სფერო ავსტრალიაში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვნად აზარალა.

გადაწყვეტილებამ შვება მოგვარა იმ ოჯახებს, რომლებიც ერთმანეთის ნახვას შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ. ასობით ადამიანს დღეს საშუალება მიეცა, საზღვრებს მიღმა მყოფი ოჯახის წევრები ეხილა.

„დიდი ხანია არ მინახავს, ძალიან აღელვებული ვარ,“- თქვა სინდი მოსიმ, რომელიც ამერიკიდან ავსტრალიაში საკუთარი ქალიშვილის სანახავად ჩავიდა.