აშშ-ის სამხრეთში კოვიდ-19-ის შემთხვევები იზრდება

შეერთებული შტატების სამხრეთის შტატებში ახალი კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სიტუაცია კრიზისულია. თუმცა პრეზიდენტი ტრამპი, შემთხვევების ზრდაზე აცხადებს, რომ ეს „სრულიად უწყინარია“.

შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის 50,000 შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად სამხრეთის შტატებში, რომლებმაც მარტსა და აპრილში თავიდან აირიდეს დიდი მასშტაბის გავრცელება, მაშინ როცა ჩრდილო-აღმოსავლეთში კრიზისი იდგა.

ასევე ნახეთ: კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში 11 მილიონს გადააჭარბა

ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის იქ, სადაც ვირუსის ერთმა ტალღამ უკვე ჩაიარა, შეზღუდვებს ხელახლა აწესებენ. მათ შორის კალიფორნიაში. შემთხვევების რაოდენობა იზრდება ფლორიდაშიც. შაბათს, მაშინ როცა ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, ფლორიდაში 11,400 შემთხვევა დაფიქსირდა.

ვითარება მძიმეა ტეხასში. ჰარისის საგრაფოში, სადაც ქალაქი ჰიუსტონი მდებარეობს, სულ დაფიქსირებული 35,000 შემთხვევის მეოთხედი კვირას დაფიქსირდა.

ასევე ნახეთ: კოვიდ19-ის წინააღმდეგ ვაქცინა დადებით შედეგებს აჩვენებს

თუმცა თეთრ სახლში გამოსვლისას, პრეზიდენტმა თქვა, რომ ახალი შემთხვევების „99 პროცენტი“ „სრულიად უვნებელია“. პრეზიდენტის ეს განცხადება ოპონენტებმა გააკრიტიკეს იმ არგუმენტით, რომ იზრდება ჰოსპიტალიზების შემთხვევების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს ვირუსი მალე გადააქვთ.

ამ დროისთვის, შეერთებულ შტატებში ვირუსით 130,000 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირებული 2.8 მილიონი ადამიანია.