სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების წინააღმდეგია

მიხეილ სააკაშვილი - კადრი გავრცელებული ვიდეოდან

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კადრებზე. საუბარია ვიდეოებზე, რომლებშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსება ჩანს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ უწყებამ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არაერთხელ იქნა გავრცელებული მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა უწყება და პირი სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს, ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ მაღალი საჯარო ინტერესის პარალელურად, მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იქნეს ადამიანის პატივი და ღირსება.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ სააკაშვილის იძულებითი ეტაპირება

ამასთან, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. აღნიშნულ ფაქტზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

ასევე ნახეთ: „სამართალს გადააბიჯა პოლიტიკამ“?

ამასთან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების დაწყების დღესვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წერილობით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის №12 დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და მისი №18 დაწესებულებაში განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობა-არარსებობის დადასტურებისა და მათი დაარქივების მოთხოვნით.

იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.

ასევე ნახეთ: სააკაშვილის პროცესი აქციების ფონზე მიმდინარეობდა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისაგან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას“, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

მესამე პრეზიდენტის მულტიპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით კი აქციები გრძელდება. ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან რამდენიმე მეტრში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეკრებილი ადამიანები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში 40 დღეზე მეტია შიმშილობს, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ.

"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პერმანენტულ აქციებს აანონსებს. აქციები გაიმართა 8, 9 და 10 ნოემბერსაც. 10 ნოემბრის აქციაზე პოლიციამ 46 ადამიანი დააკავა.