ზელენსკი პუტინს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთისთვის მძიმე შედეგებზე აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. ზელენსკის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ამ ომის დანაკარგებს "რამდენიმე თაობის" განმავლობაში მოიმკის.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო, რუსულმა ძალებმა მძიმე დანაკარგი განიცადეს. ისინი ნელა მიიწევენ წინ და დროსთან ერთად სულ უფრო უჭირთ შეტევა.

თუმცა, მათ ალყა შემოარტყეს ქალაქებს და ზოგ შემთხვევაში ისინი ნანგრევებად აქციეს. ბოლო დღეებში გააძლიერეს სარაკეტო თავდასხმებიც დასავლეთ უკრაინაში, ქვეყნის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში მთავარი ბრძოლის ველებიდან მოშორებით.

ასევე ნახეთ: რუსეთ-უკრაინის ომში ორი ქართველი მეომარი დაეცა

შაბათს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა შეტევამ, გაანადგურა დასავლეთ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში რაკეტებისა და თვითმფრინავების საბრძოლო მასალის დიდი მიწისქვეშა საცავი. რუსები ამბობენ, რომ ეს ჰიპერბგერითი იარაღის გამოყენებით მოხდა, რაკეტებით, რომლებსაც შეუძლიათ ხუთჯერ მეტი სიჩქარით გადაადგილება, ვიდრე სხვებს.

უკრაინის ხელისუფლება კი ამბობს, რომ შაბათის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში არ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები ფრონტის ხაზის რაიონებში. თუმცა, მარიუპოლში, მიკოლაივში, ხერსონსა და იზუმში განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები იყო.