სენატის დაზვერვის კომიტეტი უმცროს ტრამპს იბარებს

სენატის დაზვერვის კომიტეტმა პრეზიდენტის უფროსი ვაჟი სავალდებულო გამოცხადების უწყებით გამოიძახა, რათა პასუხი გასცეს კითხვებს, რომლებიც არჩევნებში რუსული ჩარევის გამოძიების ფარგლებში, კომისიისთვის 2017 წელს მიცემულ მის ჩვენებას შეეხება.

კომიტეტს დონალდ ტრამპ უმცროსთან გასაუბრების ინტერესი მას შემდეგ განუახლდა, რაც პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა, კონგრესის კომიტეტს თებერვალში უთხრა, რომ ტრამპის უმცროს ვაჟს, მოსკოვში „ტრამპ თაუერის“ აშენების შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით, ათჯერ მიაწოდა.

უმცროსმა ტრამპმა სენატის იურიდიულ კომიტეტს 2017 წელს უთხრა, რომ ამ გეგმის შესახებ მხოლოდ „გაკვრით იცოდა“.