სენატის თანამშრომელი ცრუ ჩვენებებისთვის დააკავეს

ჯეიმს ვულფი (წინა პლანზე)

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი იუწყება, რომ ხუთშაბათს დააპატიმრეს სენატის დაზვერვის კომიტეტის თანამშრომელი ჯეიმს ვულფი. მას ბრალად გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა ედება.

აგენტები საიდუმლო ინფორმაციის ჟურნალისტებთან უკანონო გამჟღავნების საქმეს იძიებდნენ. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ვულფი გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან იტყუებოდა, როცა 2017 წლის დეკემბერში, სამ ჟურნალისტთან რამდენიმე კონტაქტის ფაქტებს უარყოფდა. ამას გარდა, მან უარყო ორი ჟურნალისტისთვის არასაჯარო ინფორმაციის გადაცემის ფაქტიც.

ჯეიმს ვულფი სენატში თითქმის 30 წელი მუშაობდა. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, მას დაზვერვის კომიტეტის უსაფრთხოების დირექტორის პოსტი ეკავა. შესაბამისად, ჰქონდა წვდომა დაზვერვის საიდუმლო და განსაკუთრებით საიდუმლო დოკუმენტებზე.

სწორედ ვულფს ევალებოდა საიდუმლო დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კოლუმბიის ოლქის გენერალური პროკურორის, ჯესი ლიუს თქმით, ჯეიმს ვულფის საქციელი საზოგადოების მხრიდან მასზე დაკისრებული „საჯარო ნდობის ღალატის სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა“.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ხუთშაბათს იმავე საქმესთან დაკავშირებით, გაზეთის ორ თანამშრომელ ჟურნალისტს ტელეფონები ჩამოართვეს. როგორც ირკვევა, ამოღებულია მათი ელექტრონული კომუნიკაციის ჩანაწერებიც.

ერთ-ერთ მათგანს, ალი უოტკინსს ვულფთან სამწლიანი პირადი ურთიერთობა აკავშირებდა. უოტკინსს ელექტრონული მიმოწერის კონფისკაციის შესახებ წერილობით ჯერ კიდევ თებერვალში აცნობეს. თუმცა, „ნიუ-იორკ თაიმსი“ აცხადებს, რომ გაზეთში ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ და პირველად, ხუთშაბათს შეიტყვეს. უოტკინსი „ნიუ-იორკ თაიმსამდე“ თანამშრომლობდა „პოლიტიკოსთან“ და „ბაზფიდთან“.

შეერთებულ შტატებში მთავრობის მიერ ჟურნალისტის ჩანაწერების ამოღება ძალიან იშვიათად ხდება. „ნიუ-იორკ თაიმსის“ პრესსპიკერის განცხადებით, „პრესის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია და ჟურნალისტს და მის წყაროს შორის კომუნიკაცია დაცული უნდა იყოს“.