ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარკ ზაკერბერგი კონგრესის შეკითხვებს საჯარო მოსმენის დროს უპასუხებს


“ფეისბუქის” დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მარკ ზაკერბერგი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტს ჩვენებას მისცემს. კონგრესის წინაშე მისი წარდგომის საჭიროება კანონმდებლებისთვის მას შემდეგ გამოვლინდა, რაც მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა.

წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტმა განაცხადა, რომ ზაკერბერგი ჩვენების მისაცემად დაიბარა.

კანონმდებლები მას საკონსულტაციო კომპანია “კემბრიჯ ანალიტიკის” მიერ "ფეისბუქის" ათობით მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მოპოვების შესახებ დაუსვამენ შეკითხვებს. “კემბრიჯ ანალიტიკამ” ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მიზნით გამოიყენა.

მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპის კამპანიამ “კემბრიჯ ანალიტიკა” კონსულტაციებისთვის 6 მილიონ დოლარად დაიქირავა.

კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე გრეგ ვოლდენი და მისი დეკოკრატი კოლეგა ფრენკ პალონი იმედოვნებენ, რომ ეს მოსმენა “ნათელს მოჰფენს მომხმარებლის მონაცემების დაცვის საკითხს და თითოეულ ამერიკელს დაეხმარება უკეთ გაიგოს რა მოსდის მათ პერსონალურ ინფორმაციას ონლაინ სივრცეში.”

ზაკერბერგს ამ მოსმენის გარდა კონგრესის სხვადასხვა კომიტეტებისთვის დამატებით ორჯერ მოუწევს ჩვენების მიცემა.

გასულ კვირას “ფეისბუქის” მაღალჩინოსანმა, კონგრესის აპარატის წევრებთან კერძო შეხვედრის დროს, დამაკმაყოფილებელი და ამომწურავი პასუხების გაცემა ვერ შეძლოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგოგ იცავს სოციალური ქსელი მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარის აპლიკაციებისგან.

ამ ეტაპზე ცნობილი არ არის გადადგამს თუ არა კონგრესი ან ადმინისტრაცია “ფეისბუქის” წინააღმდეგ რაიმე ადმინისტრაციულ ნაბიჯს. კომპანია კი, თავის მხრივ, კარგად არის მომზადებული იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მის რეგულირებას ეცდება.

გიგანტურ სოციალურ ქსელს ფართომასშტაბიანი ოპერაცია აქვს დაწყებული ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირების მიზნით. თეთრ სახლსა და ამერიკის სენატში გაგზავნილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ კომპანიამ 2017 წელს რესპუბლიკელი და დემოკრატი კონსულტანტების ჯგუფების დაქირავებაში 17 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

“ფეისბუქი” პოლიტიკოსებთან ლობირებას ბევრი მიმართულებით აწარმოებს, მათ შორისაა, მთავრობის მიერ ელექტრონული თვალვთავლის პოლიტიკა და კორპორაციული გადასახადების კანონმდებლობა.

სკანდალი “კემბრიჯ ანალიტიკასთან” დაკავშირებით

“ფეისბუქის” უკანასკნელი სკანდალი 2013 წლიდან იღებს სათავეს. მაშინ კემბრიჯის პროფესორმა ალექსანდრ კოგანმა აპლიკაცია შექმნა, რომელიც მომხმარებლებს პროფილურ გამოკითხვაში მონაწილეობას სთავაზობდა და ჩამოტვირთვას საჭიროებდა. გადმოწერის შემდეგ აპლიკაცია მომხმარებლებზე და მათ მეგობრებზე ინფორმაციას აგროვებდა.

პროფესორმა კოგანმა შეგროვებული მონაცემები შემდეგ საკონსულაციო ფირმას „კემბრიჯ ანალიტიკას“ გაუზიარა. გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსის” და “ობზერვერის” ცნობით “კემრიჯ ანალიტიკა" მისი ქოლგა კომპანიის გავლით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან თანამშრომლობა. კოგანი საბჭოთა კავშირში დაბადებული მკვლევარია, რომელიც სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მუშაობდა, ისეთივე მონაცემთა შეგროვების პროექტზე, როგორიცაა „კემბრიჯ ანალიტიკის“ პროექტი.

„ფეისბუქის“ განცხადებით პროფესორმა დაარღვია კომპანიის რეგულაციები, როდესაც მონაცემები აღნიშნულ საკონსულტაციო ფირმას გაუზიარა. „ფეისბუქმა“ დარღვევა 2015 წელს აღმოაჩინა და "კემბრიჯ ანალიტიკას" მოთხოვა წაეშალა მონაცემები, თუმცა მომხდარის შესახებ საკუთარ მომხმარებლებს არ აცნობა.

„კემბრიჯ ანალიტიკამ“ მონაცემების შენახვის ფაქტი უარყო და მალევე აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თანამდებობა დატოვა ასევე, „ფეისბუქის“ ერთ-ერთმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელსაც პლატფორმის უსაფრთხოება ევალებოდა. მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა „ფეისბუქმა“ „კემბრიჯ ანალიტიკას“ და პროფესორ კოგანის ანგარიშები გააუქმა. სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, მისი პოლიტიკა მესამე და გარე მხარეების მიერ ინფორმაციის შეგროვების თაობაზე 2015 წლის შემდეგ შეიცვალა და ახლა ყველა აპლიკაციას, რომელიც მომხმარებლის დეტალურ ინფორმაციას ითხოვს კომპანიის სპეციალური შემოწმების გავლა უწევს.

"ფეისბუქმა" ასევე დაიქირავა კომპანია, რომელიც შეისწავლის ნამდვილად წაშალა თუ არა „კემბრიჯ ანალიტიკამ“ მონაცემები. „თუ მონაცემები ჯერ ისევ არსებობს, ეს „ფეისბუქის“ რეგულაციების უხეში დარღვევა იქნება,“ განაცხადა „ფეისბუქმა.“

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG