ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზაკერბერგი "შეცდომისთვის" ბოდიშს იხდის


სოციალური ქსელის “ფეისბუქის” დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა გუშინ მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ კომპანიამ შეცდომა დაუშვა. ზაკერბერგი, რომელიც ინტერვიუებზე იშვიათად თანხმდება, პერსონალური ინფორმაციის უკანონო შეგროვებისთვის გაეხვა სკანდალში.

“ეს იყო ნდობის დაკარგვის მაგალითი. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ჩვენი ვალდებულებაა ადამიანების მონაცემები დავიცვათ”, უთხრა ზაკერბერგმა ტელეკომპანია CNN- ს.

თუმცა ინტერვიუში ზაკერბერგს ამ შეცდომაზე ვრცლად არ უსაუბრია და პირობა დადო, რომ კომპანია ყველა აპლიკაციას შეისწავლიდა.

ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ში ნოემბრის შუალედურ არჩევნებში უცხო მხარე ცდილობს ჩარევას. მისივე თქმით, “ფეისბუქი მოწოდებულია” არჩევნებში სოციალური ქსელით ჩარევის მცდელობები აღკვეთოს, იქნება ეს შეერთებული შტატების კონგრესის არჩევნები თუ კენჭისყრა ბრაზილიასა და ინდოეთში.

“ფეისბუქი” აღიარებს, რომ 2015 წლიდან იცოდა ბრიტანელი მკვლევარის ალექსანდრ კოგანის მიერ კვლევითი ორგანიზაციისთვის მონაცემების უკანანო გაზიარების შესახებ. როგორც ირკვევა, კოგანმა “ფეისბუქის” მომხმარებლების მიერ ტესტების შევსებისას შეგროვილი ინფორმაცია კერძო კომპანიას გადასცა.

წინასწარი ინფორმაციით, კომპანიამ სოციალური ქსელის 50 მილიონამდე მომხმარებლის ინფორმაცია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მათ შორის დონალდ ტრამპის კამპანიისთვის გამოიყენა.

“ფეისბუქს” პრობლემასთან გამკლავების გამო აკრიტიკებენ, კომპანიამ მომხდარის შესახებ 2015 წლიდან იცოდა, მისმა მფლობელმა ზაკერბერგმა კი პირველი ღია განცხადება მხოლოდ გუშინწინ გააკეთა.

ეს იყო ნდობის დაკარგვის მაგალითი. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა
მარკ ზაკერბერგი

კომპანია აცხადებს, რომ კვლევით ორგანიზაცია “კემბრიჯ ანალიტიკას” პერსონალური მონაცემების წაშლის თხოვნით ჯერ კიდევ 2015-ში მიმართა. ზაკერბერგის თქმით, მან საინფორმაციო სააგენტოებიდან შეიტყო, რომ ორგანიზაციას შესაძლოა ყველა მონაცემი წაშლილი არ ჰქონდეს.

თავის მხრივ “კემბრიჯ ანალიტიკა” უარყოფს, რომ პერსონალურ მონაცემებს ინახავდა. გავრცელებული ინფომრაციით, “ფეისბუქის” ერთ-ერთი მმართველი, რომელსაც უსაფრთხოების საკითხები ებარა, თანამდებობას ტოვებს.

ზაკერბერგის შეფასებით, მომხდარი აჩვენებს სანდოობის დარღვევას არა მხოლოდ ფეისბუქს და კოგანს შორის, არამედ ფეისბუქს და იმ ადამიანებს შორის, “ვისაც ჩვენგან პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოლოდინი აქვს”.

გუშინ მიცემულ ინტერვიუში ზაკერბერგი მომხმარებლებს დაპირდა, რომ “ფეისბუქი” სამომავლოდ უფრო ფრთხილად მიუდგება პერსონალური ინფორმაციის დაცვის საკითხს და აპლიკაციების დეველოპერებს მსგავს ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდებათ.

“კემბრიჯ ანალიტიკის” შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამოყენების შესახებ გავრცელებული ამბიდან მალევე, “ფეისბუქმა” სამ დღეში 45 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა.

“ფეისბუქს” თვეში დაახლოებით ორ მილიარდამდე ადამიანი მოიხმარს, ის ახალი ამბების და პროპაგანდის მძლავრ საშუალებად იქცა. კომპანია აცხადებს, რომ პერსონალური ინფორმაციის დასაცავად და მონაცემთა უსაფრთხოებაზე დამატებით 10 000 ადამიანი იმუშავებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG