ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2017 - რეკორდულად ცუდი წელი ჟურნალისტებისთვის


2017 წელს მსოფლიოში 65 ჟურნალისტი მოკლეს და 262 დააპატიმრეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს მედიის თავისუფლების კუთხით სიტუაცია გაუარესდა.

პრესის თავისუფლებაზე ვაშინგტონში უფლებადამცველებმა ისაუბრეს, მათ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ დღეს აზერბაიჯანში ჟურნალისტების და აქტივისტებისთვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემწყობი ფაქტორი დაუსჯელობაა - განაცხადეს ვაშინგტონში “საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტში” გამართულ შეხვედრაზე.

“2017 წელს პრესის თავისუფლების კუთხით სიტუაცია გაუარესდა. დაფიქსირდა ჟურნალისტების დაკავების და მკვლელობის რეკორდული მაჩვენებელი. ყველაზე ცუდი რაც ხდება არის საქმეების გამოძიების გაჭიანურება ან გამოუძიებლობა. ეს დაუსჯელობის კულტურას ქმნის. ჟურნალისტების ოჯახები ვერ იღებენ პასუხებს. ამის გათვალისწინებით, გასული წელი ძალიან რთული იყო”, - აცხადებს ლანა ბაიდასი, “ადამიანის უფლებების დაცვის ინიციატივიდან.”

საქართველოს სამეზობლოსა და რეგიონზე საუბრისას მომხსენებლები თანხმდებიან, რომ რეგიონში რუსეთი მედია თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ჟურნალისტების მკვლელობების შემთხვევები შემცირდა, პრესის თავისუფლება არ გაუმჯობესებულა. პირიქით, კრემლმა მიაგნო უფრო მოქნილ გზებს მედიის დასაშინებლად და კრიტიკის ჩასახშობად.

“რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსება შეწყვიტა და ისინი “უცხო ქვეყნის აგენტებად” გამოაცხადა. ასევე, რუსეთში ვხედავთ მედიის, დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების მიმართ დამამცირებელ რიტორიკას”, - აცხადებს შენონ გრინი, უფროსი მკლევარი “საერთაშორისო და სტრატეგიული კლევების ცენტრიდან.”

“გვხდება სახელმწიფო მედიის ფენომენი, რომელიც მთავრობის ხედვის პროპაგანდას ეწევა. ბევრის მხრივ, რუსეთი პრესის შეზღუდვის კუთხით მოწინავეა და სხვა ქვეყნებზეც ახდენს გავლენას. იქ უკვე აღარ სჭირდებათ ფიზიკური ძალადობის ან მუქარის გამოყენება იმისთვის, რომ მედია დააშინონ არ გააშუქონ გარკვეული საკითხები. ჟურნალისტები თვითცენზურას მიმართავენ და არ აშუქებენ იმ საკითხებს, რამაც მათ შეიძლება უსიამოვნებები მოუტანოს”, - თქვა მან.

საუბარი საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების შემთხვევასაც შეეხო. მომხდარზე საუბრისას პრესის თავისუფლების დამცველი რიკარდო გონზალესი ამბობს, რომ აზერბაიჯანი პრესის წარმომადგენლებისთვის და პოლიტიკური აქტივისტებისთვის სატუსაღოდ გადაიქცა.

“აზერბაიჯანი სატუსაღო გახდა მათთვის, ვინც გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობს ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს ჟურნალისტი, ადამიანის უფლებების დამცველი თუ პოლიტიკური აქტივისტი. ვფიქრობ, აქამდე საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობამ მიგვიყვანა. უმოქმედობა დაუსჯელობის განცდას ქმნის”, - ამბობს რიკარდო გონზალესი, ორგანიზაცია “მე-19 მუხლის” პროგრამის ხელმძღვანელი.

2017 წელმა პრესის თავისუფლების ახალი გამოწვევები გამოკვეთა. მათ შორისაა პროპაგანდა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ინტერნეტ-ტროლები. მათთან ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდი საზოგადოებაში მედია წიგნიერების გაზრდაა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG