ნავალნის საქმე - ამერიკა რუსეთის ურთიერთობები შესაძლოა გადაიხედოს 

უკიდურესად შემაშფოთებელი" - ასე ეხმაურება რუსეთში ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოებით მრჩეველი რობერტ ობრაიენი. ის ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერის საქმემ შესაძლოა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე გავლენა მოახდინოს.

"ის ძალიან მამაცი ადამიანია. ძალიან გაბედული პოლიტიკოსია, რომელიც რუსეთში პრეზიდენტ პუტინს წინააღმდეგობას უწევს. ჩვენი აზრები და ლოცვა ახლა მისთვის არის მიმართული. მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია და თუ ამ ქმედების უკან დგას რუსეთი ... ეს გავლენას იქონიებს იმაზე, თუ როგორ განვითარდება ჩვენი (აშშ) ურთიერთობები რუსეთთან,"-თქვა ობრაიანმა "ფოქს ნიუსთან" საუბრის დროს. (მასალა მომზადებულია "რადიო თავისუფლებაზე" დაყრდნობით)

ასევე ნახეთ: კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი, სიკვდილს ებრძვის - ნავალნი კომაშია

განცხადება ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმაც. ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი ამბობს, რომ შტატები ვითარებას ყურადღებით აკვირდება.

"ჩვენ ვადევნებთ თვალს პროცესების განვითარებას. ველოდები უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას,"- თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსი ოპოზიცონერი ალექსეი ნავალნი ამ დრომდე რუსეთში, ქალაქ სიბერიანის საავადმყოფოში იმყოფება და იქ გადის მკურნალობას, უახლოეს პერიოდში კი მისი გადაყვანა სამკურნალოდ გერმანიაში იგეგმება. ექიმები ამ დროისთვის ამბობენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ის კომაში იმყოფება, თუმცა ბოლო 24 საათის განმავლობაში მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

ასევე ნახეთ: ბილ ბროუდერმა ნავალნის მოწამვლაზე კომენტარი გააკეთა

როგორც ნავალნის თანამებრძოლები ამბობენ, 44 წლის ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ნავალნიმ გონება მაშინ დაკარგა, როცა ის 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში უნდა გაფრენილიყო. ოპოზიციონერი ლიდერი თვითმფრინავიდან სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვლადიმირ პუტინი და კრემლი მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნიან. რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა რუსი ოპოზიციის ლიდერი გადარჩეს.